მთაწმინდის პარკი 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით აქტივობებს გეგმავს. როგორც ”ფორტუნას” მთაწმინდის პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, 15:00 საათზე პარკის ცენტრალურ მოედანზე არსებულ სცენაზე ბენდ „Bottoms up“-ის კონცერტი გაიმართება.
მათივე ცნობით, 14:00 საათზე პარკს ესტუმრება „ჩერნოვეცკის“ საქველმოქმედო ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი მრავალშვილიანი ოჯახები. ბავშვები უსასყიდლოდ გაერთობიან ატრაქციონებზე, ხოლო ატრაქციონების შემდეგ პარკი მათ სადილს მოუწყობს და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
”ამავე დღეს კლუბ „ანდერვილში“ გაიმართება ტრადიციული ქალთა შორის ტურნირი ნარდში, რომელიც ჩატარდება ორ სახეობაში:
1. პირადი პირველობა ქალთა შორის
2. შერეულ წყვილთა ტურნირი კონსულტაციებით (გუნდში ერთი ქალბატონი და ერთი მამაკაცი).
ტურნირის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება დილის 11:00 სთ-დან 13:00-სთ-მდე, შეჯიბრი კი რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ, 13:00 სთ-ზე დაიწყება. ტურნირზე გათამაშდება საქართველოსა და თბილისის ორგზის ჩემპიონის, ეთერ კაკულიას სახელობის პრიზი”, – აღნიშნეს მთაწმინდის პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
მათივე თქმით, ტურნირის საზეიმო დახურვა და პრიზიორთა დაჯილდოება შედგება საღამოს 20:00 სთ-ზე.