LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 მიზეზი, რატომ განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და როდის აღმოჩნდება საქართველო მასში ჩართული

653
422119994

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კვირას, 12 ივლისს შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. 14 ივლისის ღამის ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებებს 11 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და სომხეთის არმიის 2 ჯარისკაცი ემსხვერპლა. თუმცა აზერბაიჯანული მხარე სულ სხვა მონაცემებზე საუბრობს და მტრის ბანაკში დიდ მსხვერპლზე მიუთითებს. ზოგადად, მსხვერპლთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემები ვრცელდება.

მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ეუთო მხარეებს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაუბრუნდნენ.

რატომ დაიწყო მაინცდამაინც ახლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება? ამ კითხვით „ფორტუნამ“ კავკასიოლოგსა და კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს მიმართა. 

„დღეს მსოფლიოში გეოპოლიტიკური ქაოსია. ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის მცდელობაა, ვინც მსოფლიოში დიდ პოლიტიკას ქმნის, ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი ტერიტორია დაიკავონ. არ გამოვრიცხავ, რომ კონფლიქტები გარკვეულ რეგიონებში ამის შედეგიც იყოს. მაგალითად, აზერბაიჯანი არის თურქეთის მოკავშირე, მათი გეოპოლიტიკური ამბიციები კი კარგად ვიცით. მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში სირიიდან ლიბიამდე და ცდილობს, თავისი გავლენები ოსმანური იმპერიის სივრცეში გაავრცელოს.

არის კიდევ მეორე საკითხი, რატომაც შეიძლება, ეს კონფლიქტი დაიწყო და ესაა პანდემია, რომელმაც ძალიან სერიოზული ეკონომიკური დარტყმა მიაყენა ბევრ ქვეყანას, მათ შორის ჩვენი რეგიონის ქვეყნებსაც. აზერბაიჯანის ეკონომიკა ძალიან მძიმე პირობებში აღმოჩნდა, რადგან დაიწყო ნავთობის ფასის ვარდნა. ქვეყნის ეკონომიკის 90 პროცენტი კი ნავთობზე იყო დამოკიდებული.

ასეთივე მდგომარეობაა სომხეთში. სომხეთის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, პანდემიასთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდის მოძებნა. ეს დაეტყო მათ ეკონომიკასაც. ამან ძალიან მნიშვნელოვნად შეარყია მმართველი ძალის პრესტიჟი. ასე რომ, ორივე მხარეს ჰქონდა სურვილი, რომ ვითარება გამოესწორებინა და პატარა სამხედრო კონფლიქტი კი ვითარების გამოსასწორებლად ძალიან კარგი შანსია“, – აღნიშნავს ექსპერტი ჩვენთან საუბარში.

კითხვაზე, როგორ შეიძლება ამ ვერსიას მივყვეთ, როდესაც კონფლიქტს ადამიანები შეეწირნენ, ექსპერტი პასუხობს.

„პოლიტიკა არის ცინიკური რამ. სიცოცხლე მეორადია. ჩვენ ამის მაგალითი არაერთხელ ვნახეთ და საკუთარ თავზეც ვიწვნიეთ 2008 წელს და როცა მეკითხებით, რატომ ახლა, ამაზე პასუხი ესაა და ეწირებიან თუ არა ადამიანები კონფლიქტს, პოლიტიკოსებს ეს სამწუხაროდ არ აინტერესებს და ამის ახსნა შორს წაგვიყვანდა“, – განაცხადა ექსპერტმა.

ექსპერტი განმარტავს, რატომ დააფიქსირა თურქეთმა აზერბაიჯანის მხარდაჭერა, მაშინ როცა სომხეთის მოკავშირე რუსეთი დუმს.

„კონფლიქტის დაწყების მესამე ფაქტორი შესაძლოა გახდა ზოგიერთი მსხვილი მოთამაშეების დაინტერესება და მოწინააღმდეგე ძალების შემოწმება. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ კარგად კონფლიქტის ადგილს. ესაა ტოლუზის მხარე, რომელიც ყარაბაღთან გეოგრაფიულად არანაირ კავშირში არაა.

როდესაც კოლექტიური შეიარაღებული ძალები ოდკაბე შეიქმნა, რუსეთის ხელმძღვანელობით, წესდებაში დაწერეს, რომ იმ შემთხვევაში თუ რაიმე საფრთხე შეიქმნა, სომხეთს რუსეთი სამხედრო ძალებით ეხმარება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ოდკაბესთვის იყო გამოწვევა. გადადგამენ თუ არა შესაბამის ნაბიჯს, ანუ დაეხმარება თუ არა სომხეთს რუსეთი. ამ შემთხვევაში მოსკოვის თავშეკავებამ გამოიწვია უაღრესად ანტირუსული განწყობა. წესით, რუსეთი პირდაპირ უნდა ჩართულიყო კონფლიქტში სომხების მხარეს, მით უმეტეს, როდესაც თურქეთმა ამ ფონზე გამოაცხადა თავისი სრული მზადყოფნა აზერბაიჯანის მხარდასაჭერად. რუსეთი სპრესტიჟზე ძალიან ცუდად იმოქმედა. შეიძლება კონფლიქტი იმიტომ დაიწყო, რომ სომხური საზოგადოების თვალში რუსეთის პრესტიჟი შელახულიყო და არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მსოფლიოში. სომხური დიასპორა მოგეხსენებათ, ძალიან დიდია და დიდი გავლენებით სარგებლობს.

თუ კონფლიქტი მასშტაბურად გაგრძელდა, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მესამე ვერსია რეალურია. კონფლიქტი თუ ამოიწურა, მაშინ – არა“, – ამბობს ექსპერტი ჩვენთან საუბარში.

კითხვაზე, თუ კონფლიქტი მასშტაბურად გაგრძელდა, შეიძლება თუ არა მასში საქართველოც აღმოჩნდეს ჩართული? – არეშიძე გვპასუხობს.

„ამ შემთხვევაში საქართველო კონფლიქტში აუცილებლად იქნება ჩართული და ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს სამხედრო მოქმედებები. ამას მნიშვნელობა არ ექნება. რეგიონი პატარაა და ეს კონფლიქტი უფრო ძლიერი იქნება, ვიდერ 90-იან წლებში იყო. მაშინ მხარეებს შეიარაღება ისეთი ძლიერი არ ჰქონდათ, როგორც ახლა. საქართველოს თავს დაატყდება როგორც ეკონომიკური, ასე ჰუმანიტარული კატასტროფა. ეკონომიკური იმიტომ, რომ რეგიონი პატარაა და საკმარისია მეზობლები დაზარალდნენ ეკონომიკურად, რომ შენც ცუდად გაქვს საქმე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის ეკონომიკა დამოკიდებულია იმ ენერგოკორიდორებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიებზე გადის. აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმართული დერეფნები და რუსეთიდან სომხეთში მიმართული დერეფნები. არ გამოვრიცხავ, რომ მხარეებმა ამ ენერგოდერეფნებზე დივერსიული აქტები მოაწყონ საქართველოს ტერიტორიაზე. თუ ჩვენი ეკონომიკა ჩამოინგრა, რა მნიშვნელობა აქვს, სამხედრო კონფლიქტში ჩავერთვებით თუ არა, ამას მნიშვნელობა არ ექნება.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ სომხებიც და აზერბაიჯანელებიც. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას თავის დროზე, რომ ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ 90-იან წლებში. ახლა ბევრად უფრო აქტიურები იქნებიან.

კვირის პალიტრა - "ბევრი ადამიანი ...

ყველაზე მთავარია, ლტოლვილების თემა. როგორც 90-იან წლებში, ახლაც შეიძლება მოაწყდნენ საქართველოს ტერიტორიას დევნილების ტალღა და ეს ჰუმანიტარული დარტყმა იქნება საქართველოსთვის.

ჩვენ არავის მხარე არ უნდა დავიჭიროთ, ეს არ შეიძლება. ჩვენი მთავარ ამოცანად რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება უნდა დარჩეს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ რესურსი მწირე გვაქვს, უნდა მოვახერხოთ, რომ ეს კონფლიქტი ჩავაცხროთ. შეიძლება, შევთავაზოთ სამშვიდობო პლატფორმა თბილისში გაიმართოს“, – ამბობს არეშიძე ჩვენთან საუბარში.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები