ვისაც ერთხელ მაინც გამოუწერია ნივთი ონლაინმარკეტის მეშვეობით, ამბობს რომ ეს ჩვევად ყალიბდება, რომელსაც ვერ ეშვები.
ნივთის არჩევის მარტივი პროცესი – კომპიუტერიდან ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან შეკვეთის განხორციელება და ლოდინი, რომელსაც როგორც ონლაინ შოპოჰოლიკები ამბობენ, თავისი „მუღამი“ აქვს და „ლომკაც“ იცის.
დღეისათვის გამოწერილ ნივთებზე გადასახადს დაქვემდებარებული ზღვარი 300 ლარია, ასევე, იბეგრება დღგ-ის 18%-ით გარკვეული დასახლების საქონელი.
დამოკიდებულ ადამიანებს ლიმიტები არ უყვართ. არც ონლაინ შოპინგის მოყვარულებს მოსწონთ ზღვარი, რომელიც არ იბეგრება, თუმცა ეს შოპინგში ხელს არ უშლით.
ამ ზღვარის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების მიერ ონლაინ შოპინგზე დახარჯული თანხა ბოლო წლების განმავლობაში იზრდება.
2015 წელს საქართველოდან უცხო ქვეყნებში 86 მილიონი ლარი გადაირიცხა, 2016 წელს – 140 მილიონი ლარი, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემით, 81.9 მილიონი ლარი.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, მოქალაქეები ონლაინშოპინგზე, საშუალოდ, 111 ლარს ხარჯავენ.
„300 ლარი ჩემთვის ზღვარია“
როგორც „ფორტუნას“ ონლაინ შოპინგის მოყვარულებმა განუცხადეს, ისინი ამანათებს ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდან იწერენ.
„რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევ 300-ლარიან ზღვარს, ვცდილობ, არ გადავაჭარბო. კურსი ისედაც არასტაბილურია და ბოლო წლებში უფრო ძვირად მიწევს ნივთების გამოწერა. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, 300 ლარში ჩავეტიო. ძირითადად აქსესუარებს ვიწერ და ამის პრობლემა თითქმის არასდროს მაქვს“, – განაცხადა ონლაინ შოპინგის მოყვარულმა ნინომ „ფორტუნასთან“.
კიდევ ერთი მომხმარებელი თეა ამბობს, რომ ითვალისწინებს 300-ლარიან ზღვარს, თუმცა, თუ ნივთი ძალიან მნიშვნელოვანია, მეტიც გადაუხდია.
„გადამიხდია ბევრი, მაგალითად, ჰოვერბორდის გამოწერისთვის, რადგან აქ არ იყიდებოდა მაშინ, თუმცა ვთვლი რომ არ ღირს ნივთს + შიპინგის და + განბაჟების თანხის გადახდა“, – აღნიშნა მან „ფორტუნასთან“.
მოხმარებელთა ნაწილი ამ საბაჟო ზღვარის გაზრდასაც ითხოვს და ხელმოწერებს აგროვებს.
ქართული ონლაინ მარკეტების მომხმარებლები თვიდან თვემდე იზრდება
ქართული ონლაინ მარკეტების წარმომადგენლები „ფორტუნასთან“ ამბობენ, რომ ეს ზღვარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ლიმიტებს აწესებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ნივთის გამო, მომხმარებელი განბაჟების გადახდაზეც არ ამბობს უარს და თუ ნივთი ნიშვნელოვანია დამატებით განბაჟების თანხა პრობლემას არ ქმნის.
საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიის ebg.ge–ს წარმომადგენელმა „ფორტუნასთან“ აღნიშნა, რომ მათგან ბევრად უფრო ძვირადღირებულ ნივთებსაც იწერენ.
„300-ლარიანს კი არა, 3000-ლარიან ნივთებსაც იწერენ. ვისაც ფული აქვს და ნივთი უნდა საერთოდ არ უქმნის ეს პრობლემას“, – განაცხადა ebg.ge–ს ოპერატორმა.
ebg.ge ქართული ონლაინმარკეტია, სადაც ხელმისაწვდომია ebay.com-ის სრული კატალოგი.
როგორც მათმა წარმომადგენელმა, მარიამ რატიანმა, „ფორტუნასთან“ განაცხადა, დაარსებიდან 3 წლის შემდეგ ebg.ge–ს 25 000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, საიდანაც 6 000 აქტიურია. თან, მათი თქმით, მომხმარებლების რაოდენობა თვიდან თვემდე იზრდება.
“თვეში 2000–ზე მეტი ნივთის გამოწერა ხდება მხოლოდ ჩვენი კომპანიის მეშვეობით. მომხმარებელთა რაოდენობა კი მუდმივად მზარდია”, – განაცხადა მარიამ რატიანმა “ფორტუნასთან”.
მისივე თქმით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, პროდუქტში 300 ლარზე მეტი მომხმარებელთა 3%-მა გადაიხადა.
თამთა უთურგაშვილი


