LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„31 მარტისთვის ერთობლივად დავიწყებთ მზადებას – მაქსიმალური გაერთიანება და ძალისხმევა არის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს“ – თინა ბოკუჩავა

187
ბადრი ჯაფარიძე თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები განცხადებებს აკეთებენ.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური კოორდინირება“.

ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება, სადაც პოლიტიკურ ცენტრებთან ერთად, ის ადამიანებიც იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც უწყვეტი პროტესტის ნაწილი არიან.

„საუბარი იყო ასევე მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს უფრო მჭიდრო კოორდინაციას პოლიტიკური ცენტრების, საზოგადოების, პრეზიდენტის ირგვლივ და ამ საუბარს ჩვენ ისევ გავაგრძელებთ. იყო მორიგი სამუშაო და ძალიან საინტერესო, შინაარსიანი შეხვედრა.

სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ მოხდეს მაქსიმალური კოორდინირება, მაქსიმალური დაახლოება პოლიტიკური ჯგუფების, საზოგადოებრივი ჯგუფების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება. ეს შეიძლება იყოს შინაგანი წინააღმდეგობის ფრონტი, შეიძლება იყოს საკოორდინაციო საბჭო – აქ სახელებს არ აქვს მნიშვნელობა, შინაარსი არის ის, რომ აქ უნდა იყოს მართლაც პოლიტიკური ცენტრები, ამავდროულად წარმოდგენილი საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან ქუჩაში – მათი წარმომადგენლობა უნდა იყოს ასახული აქ, ამ საკოორდინაციო საბჭოში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, ახალი არჩევნების მოსამზადებლად საერთო საკოორდინაციო ფრონტი შეიქმნას – ასევე, 31 მარტისთვის აქციას ამზადებს“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, 31 მარტისთვის ერთობლივად დაიწყება მზადება. მისივე თქმით, საზოგადოების დაკვეთაა, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა.

„განვიხილეთ 31 მარტის დიდი აქცია, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რისთვისაც ერთობლივად დავიწყებთ მზადებას.

მათ შორის, განვიხილეთ „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნა – პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა. მნიშვნელოვანია, ის რომ ასეთი საკოორდინაციო ფორმატი არსებობდეს.

მათ შორის, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა არის ის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინათინ ბოკუჩავას და ბადრი ჯაფარიძის ფოტოები – „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g