ბოლო შვიდი თვის განმავლობაში – იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 515 988 მგზავრს მოემსახურა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 121,56% პროცენტით მეტია.
როგორც „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ დროისთვის 35 ავიაკომპანია რეისებს 38 მიმართულებით ასრულებს.
იანვარ-ივლისის პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 313 036 მგზავრი გაატარა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 35,37%-ით მეტია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 21 ავიაკომპანია ფრენებს 17 მიმართულებით ასრულებს.
საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
როგორც „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.
„TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიკურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1 300 თანამშრომელი“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.