პაციენტების ნაწილს, ვინც ამ დროის მდგომარეობით ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის, დღეს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გაეწერებიან. კლინიკის ექიმის ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, ასეთი 4-5 პაციენტია და მათ შესაბამისი პროცედურები უკვე უტარდებათ.
მისი ინფორმაციით, ინფექციურში 38 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კრიტიკულად მძიმე, თუმცა ერთის მდგომარეობა უმჯობესდება. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ინფექციონისტის განმარტებით, მათი კლინიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება მიმდინარეობს.
„უახლოესი 48 საათის განმავლობაში 4-5 პაციენტზე მეორე უარყოფით პასუხს ველოდებით და შეიძლება გავწეროთ ბინაზე“, – განაცხადა გოგინავამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 27 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.