რატომ რჩებიან 40-50-60 წლის შვილები მშობლის გავლენების ქვეშ – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ნინო ნიბლაძემ ისაუბრა.
რა ასაკიდან იწყება მშობლისგან გამოყოფა-სეპარაცია?
ბავშვი ვიდრე გახდება ზრდასრული,ვითარდება ეტაპობრივად. 7-8 თვემდე ჰორიზონტალურად, გაფართოვება-შეკუმშვით, ცოცვით სწავლობს სამყაროს. შემდეგ ვერტიკალური ეტაპი მოდის, სწავლობს ადგომა-დაჯდომას, არჩევს დიდს და პატარას. 3 წლისთვის საგიტალურად, ანუ სივრცეში შეიგრძნობს თავის სხეულს და სწავლობს მიახლოვება-დაშორებას, წინ და უკან მოძრაობას. ამ პერიოდისთვის გამოდის ჯანსაღი მიჯაჭვულობიდანაც და ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ.
მოზარდობა არის ავტონომიურობისკენ სწრაფვა და როდესაც კოცნასა და ჩახუტებაზე უარს გვეუბნება, გაგვწევს, ეს სწორედ ამის მანიშნებელია და თუ მშობელი ბრაზობს ამაზე,ე .ი. ის კვლავ შერწყმის ფაზაშია და ხელს უშლის, ებრძვის შვილის ავტონომიურობას. აქ საჭიროა აღიარება, რომ შვილი გაიზარდა და წესები გადახედვას საჭიროებს.
რამდენად უჭირთ ჩვენს საზოგადოებაში სეპარაცია?
ჩვენს საზოგადოებაში და გარკვეულ კულტურებში არსებობენ მოზარდები ზედა ზღვარის გარეშე, 40-50, 60 წლის ასაკში. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ კიდევ აქვთ შანსი გაიზარდონ.
როდესაც საზღვარი არ ყალიბდება მშობელსა და შვილს შორის, ეს ემსგავსება ერთ სისტემას, რომელშიც იკარგება მეორე ადამიანი.
,,მე” და ,,შენ” ხდება ,,ჩვენ”. საუბარში ყოველთვის ჩანს, შერწყმაში მყოფი მშობელი შვილზე საუბრისას იყენებს ,,ჩვენ” ნაცვალსახელს და საუბრობს მრავლობით რიცხვში. მაგალითად.: ,,ჩვენ ჩავაბარეთ..” ან ,,ავად ვიყავით” და ა.შ. იგივე ფრაზებია ზრდასრულ შვილთან მიმართებაში. რეალურად აქ პრობლემაა, რომ პირადი ცხოვრება არ არსებობს.
ესეც საერთოდ აღიქმება მშობლისგან, რომელსაც შეუძლია ცოლ-ქმრის საძინებელში შევიდეს და შვილს საბანი გაუსწოროს. ან 80 წლის დედა, 60 წლის შვილს ურეკავს და ეკითხება, ისადილე? თბილად ჩაიცვი, დღეს ქარია გამოცხადებული და ა.შ. ანუ ცალსახაა, რომ შვილს ზრდასრულად არ აღიქვამს, მუდმივად მის საზღვრებში იჭრება.
თუ ზრდასრული შვილი( პირობითად 50-60 წლის) ეწინააღმდეგება, აპროტესტებს ასეთ ჩარევას, მეორე უკიდურესობაში შეიძლება აღმოჩნდეს.
მაგალითად, გაბუტული თუ ნაწყენი მშობელი მასში დანაშაულის გრძნობას აღძრავს და ეს პროცესი დაუსრულებელ სახეს იღებს, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, შვილი კვლავ შერწყმაში ყოფნას ამჯობინებს.
ამ ყველაფერს აქვს მეორე სერიოზული პრობლემა, როცა შვილი რჩება ინფანტილური, კომფორტულად გრძნობს თავს მშობლისგან აღებული ზრუნვის პასუხისმგებლობებით და ეს ნორმად მიაჩნია.
კიდევ ერთი სერიოზული უარყოფითი მხარე არის ის, რომ მშობლები ვერ აცნობიერებენ, ისინი ყოველთვის ვერ იქნებიან შვილის გვერდით. მშობლის გარდაცვალება მიჯაჭვული ადამიანებისთვის ურთულესი პროცესია. ხშირად ფსიქოთერაპიის ჩართვას საჭიროებს, რომ არ მოხდეს ფსიქოსომატური დაავადებების გამოვლენა.
ბუნებრივი ციკლი ასეთია – საშვილოსნო ზრდის ნაყოფს, აძლევს ყველა პირობას მომწიფებისთვის და შემდეგ თვითონვე აძევებს, რომ ორივე გადარჩეს. ამ ბუნებრივ ციკლს უნდა ინარჩუნებდეს ორივე მშობელი, დედ-მამა შვილთან მიმართებაში, რომ მომწიფდება – ენდოს, გაუშვას და დარჩეს მისი გულშემატკივარი და მუდამ მხარდამჭერი.