LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპოზიტორის 40-წლიანი კარიერა – დიდი თარიღი რუსა მორჩილაძის ცხოვრებაში: „ასეთი ნამღერი არ მიყვარს, პულსი რომ აღარ ესინჯებათ და სიმღერას ვეღარ გრძნობენ….“

933
რუსა-მორჩილაძე

რუსა მორჩილაძე – კომპოზიტორი, რომლის ანგარიშზე ათასობით სიმღერაა და შეიძლება ითქვას, ქართული შოუბიზნესის დიდი ჰიტები სწორედ მას ეკუთვნის. მისი სიმღერები სახალხო სიყვარულს იმსახურებს. პირველი სიმღერა „იები“ 15 წლის ასაკში დაწერა, მას შემდეგ მისი მუსიკალური კალამი არ გაჩერებულა… ამჟამად „საქართველოს“ ხმის ჟიურის წევრია დათო ფორჩხიძესა და გიორგი ძოწენიძესთან ერთად. სხვათა შორის, „ურსას“ სოლისტს ახლახან სიმღერა „ერთი გოგო შემიყვარდა“ დაუწერა, რომლის ნახვაც დიდი ხანია, გადასცდა მილიონს…

„რუსთავი 2“-ის ახალი მუსიკალური პროექტის, „საქართველოს ხმის“ ჟიურის წევრი ხარ. როგორი იყო პირველი ფიქრები, როდესაც ჟიურის წევრობა შემოგთავაზეს?

პირველი ფიქრები იყო, რომ არ მინდოდა დათანხმება. ისეთი პერიოდი მაქვს, რომ სიახლეებს ენთუზიაზმით ვერ ვხვდები. თავისთვის ძალა უნდა დამეტანებინა, რომ პროექტში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ეს დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ეს ჩემი საქმეა და მივიღე გადაწყვეტილება, ეს წინადადება მიმეღო. ასე აღმოვჩნდი „საქართველოს ხმაში“ და სხვათა შორის, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ეს არის მთავარი, არანაირი სხვა ინტერესი არ დგას ამის წინ.

რა არის ყველაზე საინტერესო ამ პროექტში?

როცა რაღაც ძალიან მომეწონება და ხელებს გავშლი, ეს არის ხოლმე ბედნიერი წუთები… თუ არ მომწონს…

მიმიკაზე გეტყობა…

არ არის ეს კარგი (იღიმის).

შენი მიმიკები და წარბის აწევა ინტერნეტში განხილვის თემა გახდა…

წარბის აწევაზე მოგიყვები ისტორიას. რეჟისორმა კიკალამ დამირეკა და მითხრა, ფილმში უნდა გადაგიღოო. ვკითხე, რა უნდა გამეკეთებინა და მიპასუხა, წარბი უნდა ამიწიოო (იცინის).

წარბის აწევა დაკავშირებულია შენს სიმკაცრესთან…

ამას ვერ ვხვდები და ვერ ვაცნობიერებ. ვფიქრობ, რომ ძალიან რბილი შეფასებები მაქვს. როცა ვაცნობიერებ, რომ მონაწილეები ძალიან პატარები არიან, კონკურსის რეჟიმში არიან და წნევა აქვთ 160, ძალიან დაუნდობელი უნდა იყო, რომ ისინი მკაცრად შეაფასო. ყველამ თავის თავზე წარმოიდგინოს. ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოდიხარ და სამი ჩასაფრებული ტიპი გისმენს, რომელიც ზუსტად იცი, არაფერს გაპატიებს. ასეთ რეჟიმში სიმღერა ადვილი არ არის, ეს ძალიან კარგად მესმის. დამიჯერეთ, ძალიან ვიკავებ თავს შეფასებების დროს…

რა ტენდენცია გამოიკვეთა ამ მუსიკალური კონკურსის კასტინგებზე და შემდგომაც? რა არის ის, რასაც ვერ აპატიებ ქართული სიმღერის შესრულებისას?

ვერ ვპატიობ კაცებს, როცა მაღალი რეგისტრისკენ მიისწრაფვიან. ჰგონიათ, რომ რადგან მაღალ ბგერას იღებენ, ეს კარგია… არა!.. სხვათა შორის, ქართველ კაცებს აქვთ ეს მიდრეკილება, რომ ზედა რეგისტრისკენ მიილტვიან… ეს არ მომწონს და ამას არ ვაპატიებ, ასეთი ნამღერი არ მიყვარს, პულსი რომ აღარ ესინჯებათ და სიმღერას ვეღარ გრძნობენ. ასევე არ ვაპატიებ უგემოვნობას. შეიძლება, არცთუ კარგი სიმღერა მოგცენ, მაგრამ გასაღები მოუძებნო და კარგად შეასრულო, მოგცენ სასწაული სიმღერა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხო. გემოვნებაა მთავარი და ასევე ჭკუა. მომღერალს ჭკუა სჭირდება… მარტო ხმა და შენი კარგი მუსიკალური სმენა ვის რაში სჭირდება?!..

მიუხედავად იმისა, რომ შენს რეპერტუარს ნამდვილად არ აკლია სუპერჰიტები, „ამაღამ“ – ეს არის კომპოზიცია შენი რეპერტუარიდან, რომელსაც ყველა კუთხე-კუნჭულში ასრულებენ. როცა მას წერდი, გქონდა განცდა, რომ დიდი ჰიტი იბადებოდა, რომელიც ასეთი სახალხო გახდებოდა?

ეს სიმღერა ნინო ჩხეიძისთვის დავწერე… წერის პროცესში ამაზე არ მიფიქრია, ცოტა მუხამბაზური, ცოტა – ქალაქური სიმღერა დაიწერა. მას შემდეგ, რაც მუშაობის პროცესი დასრულდა და ნინოს მოვასმენინე, ვუთხარი, რომ ჰიტი იქნებოდა… თავიდან ვერ მოირგო და მითხრა, არ არის მგონი საჩემოო. დავარწმუნე, ძალიან საშენოა და გაგიჰიტდება-მეთქი.

სხვა მომღერლის დარწმუნებაც დაგჭირვებია?

არა, სხვას არავის უთქვამს ასეთი რამ. ახლა იგონებს ხოლმე ხშირად ამ ამბავს. ნიკა მემანიშვილმა გაგვიკეთა არანჟირება…

ათასობით სიმღერის ავტორი ხარ. ყველა ინახება არქივში?

არანაირი არქივი არ მაქვს, ახლახან ჩემმა მარიამ ცქიფურიშვილმა გამიკეთა კატალოგი, მაგრამ ყველა სიმღერა ვერ შევიდა, რადგან ზოგიერთი მათგანი დისკზე იყო ჩაწერილი, დემოვერსიების სახით…

15 წლის ასაკში დაწერე პირველი სიმღერა – „იები“. 40 წელი შესრულდა, რაც კომპოზიტორი ხარ. ეს რა შეგრძნებაა? ხომ არ აპირებ ამ თარიღის აღნიშვნას?

მგონი, ჩემი საღამო ფილარმონიაში უკვე ძალიან დაგვიანებულია ამ წელს, მაგრამ ვფიქრობ, ოდესღაც შედგება ასეთი საღამო. მინდა ისეთი კონცერტი, როგორიც ჯერ არ ყოფილა, ამას სჭირდება ყველანაირი რესურსი და დრო, მუშაობა…

როგორ ფიქრობ, შენი ცხოვრების მთავარი სიმღერა დაწერილი გაქვს?

შეიძლება კი, შეიძლება – არა. არ ვიცი…

ფოტო: „საქართველოს ხმის“ „ფეისბუქ“-გვერდი, დათუნა აგასი

magti 5g