LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ნაბიჯი, რა მოქმედებებსაც პროკურატურა ახორციელებს ჩანაწერის ავთენტურობის დადგენაა და არა შინაარსი: თამთა მეგრელიშვილი

131
tamta-megrelishvili-w-h

„ჩანაწერის მოპოვებისა და  გავრცელების კანონიერების დასადგენად აუცილებელია ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შინაარსზე აპელირება ამ შემთხვევაში სწორი არ არის“,-ამის შესახებ იურისტმა, საჯარო მმართველობის დოქტორმა თამთა მეგრელიშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი, რა მოქმედებებსაც პროკურატურა ახორციელებს ჩანაწერის ავთენტურობის დადგენაა.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენამდე რთულია ამ საკითხის შეფასება, თუმცა „ფორტუნას“ კითხვაზე, ხედავს თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობის პირდაპირ აუცილებლობას?  თამთა მეგრელიშვილი ამბობს, პასუხისმგებლობის ნაწილში ირაკლი ღარიბაშვილს თმენის ვალდებულება აქვს და სანამ მის მიმართ განაჩენი არ დადგება, ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იქნება.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ეს მახინჯი პრაქტიკა ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროიდან მოდის და გვახსოვს, რომ მთელი სისტემა რეალურად იდგა ფარულ ჩანაწერებზე, ამის ფონზე გასაკვირი არაფერია.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის მომენტი ვერ დადგება, მას აქვს თმენის ვალდებულება და სანამ მის მიმართ განაჩენი არ დადგება ის ჩვენი  ქვეყნის პრემიერია და ასე იქნება. რაც შეეხება ბერა ივანიშვილს, მას არ აქვს თმენის ვალდებულება და ცალსახად შეუძლია მიმართოს სარჩელით სასამართლოს და მოითხოვოს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება“,-განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც “ტვ პირველმა” ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ დღეს, გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე მიმდინარეობს.

ოპოზიცია თვლის, რომ ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება თავიდანვე არაობიექტური იქნება, ვინაიდან ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ გამოძიება დაიწყო არა შინაარსზე არამედ, კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა და გავრცელებაზე.

 

 

magti 5g