LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გადაიდო

65
photo-2021-06-03-15-00-32

2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის განხილვა გადაიდო.

აღნიშნული საკითხი, საქართველოს პარლამენტის ბიურომ მიმდინარე რიგგარეშე სხდომის დღის წერიგში აღარ შეიტანა. პროექტის განხილვის გადადების ინიციატორი „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეა, რომელმაც განმარტა, რომ სხდომაზე საკითხის გასატანად საჭირო 50 ხმის მობილიზება რთული იქნება.

“შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი კოლეგები არიან ბოიკოტის რეჟიმში. სამწუხაროა ძალიან, რომ ისინი არც ამ საკითხის გამო არ აპირებენ, რომ დაესწრონ სხდომას და გამონაკლისი დაუშვან მიუხედავად იმის, რომ იყო მზაობა გამოთქმული, რომ მხარს დაუჭერდნენ საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ჩვენს ინტერესებში არ არის, რომ საკითხი ჩავარდეს და გადაიდოს მერე კიდევ 6 თვით, როგორც ამას ითხოვს რეგლამენტი, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია მისი შექმნა და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კომისია შეიქმნას. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ სესიაზე არ გავიტანოთ, ჩვენი თხოვნა იქნება გადავდოთ და ამის შემდეგ უახლოეს სხდომაზე გახდეს განხილვის საგანი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები შემოგვიერთდებიან “-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ, სხდომაზე, 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა უნდა განხილულიყო, რომელიც “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა მოამზადა.

დადგენილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთან აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება.