LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივლისს დაშავებული ოპერატორი მოსამართლეს: პრაქტიკულად ცხოვრება აღარ მაქვს – არც ის მინდა, უდანაშაულო ადამიანი ჩემ გამო ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ თუ დაუდასტურდა ბრალდება, გთხოვთ, უმაღლესი სასჯელი გამოიყენოთ

115
ილია თვალიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისს „პირველი არხის“ ოპერატორ ილია თვალიაშვილსა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ილია თვალიაშვილი დაიკითხა, რომელმაც 5 ივლისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და სასამართლოს მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„გადავიღეთ კადრები, ჩავწერეთ სინქრონები და შემდეგ გადავინაცვლეთ ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობდა აქცია. აქ „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოუწოდა, პარლამენტის წინ კარვები აეღოთ. ამ განცხადების შემდეგ, წამის მეასედში მოხდა ეს, მანამდე, არანაირი აგრესია არ შეინიშნებოდა ამ ადამიანების მხრიდან. როგორც სხვა აქციის დროს, ისეთი დამოკიდებულება იყო.

დაახლოებით ორი წუთი 9 აპრილის მემორიალთან ვიყავით მე და ჩემი ჟურნალისტი, სადაც ვაგორებდით მასალას, რა დროსაც ჩემს ჟურნალისტს აყენებდნენ შეურაცხყოფას. ვუთხარი, რომ ამ ქალს საკმარისზე მეტი შეურაცხყოფა მიაყენეთ-თქო და ამაზე მოხდა გაწევ-გამოწევა. იქ მყოფი მამაკაცები ჩაერივნენ. თავი გავარიდეთ და ამ დროს ჩოჩქოლი ატყდა ქაშეუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კარვები რომ დაშალეს, ამ ადგილისკენ მივდიოდი და დავინახე, რომ ჟურნალისტებზე მიმდინარეობდა ძალადობა. დავინახე, ჩემს კოლეგას აქეთ-იქით ეჯაჯგურებოდნენ და შემდეგ მოვკიდე ხელი და განვარიდე ტერიტორიიდან, რა დროსაც უკნიდან მომქაჩეს.

შემდეგ მახსოვს ის, რომ წავიქეცი და ძირს რომ დავვარდი, იქ მყოფი ადამიანებიდან, რომლებსაც არც ერთს არ ვიცნობდი, ზოგი ფეხს მირტყამდა, ზოგი ხელს მირტყამდა თავში და სხეულის სხვადასხვა ნაწილში. თავში ძლიერად ჩამარტყეს, ასფალტზე თავი დავარტყი და გავითიშე. პოლიციის მანქანაში მოვედი გონს და გავიგე ჟურნალისტ ანი ფაციას ხმა – „ჩემი ოპერატორი მომიკლეს და ამა და ამ ადგილას გდიაო“, სულ ეს არის, რაც მახსოვს“, – განაცხადა ილია თვალიაშვილმა.

რაც შეეხება იმ პირებს, რომლებმაც მოწმის თქმით, მასზე ძალადობა განახორციელეს, როგორც თვალიაშვილმა აღნიშნა, ათ ადამიანზე მეტი იქნებოდა და მათი სახეების დანახვა ვერ მოახერხა.

„მე არცერთ მათგანს არ ვიცნობ და შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია. ჩემი მხრიდან არავითარი რეპლიკა არ ყოფილა ამ ადამიანების მიმართ. თავისთავად ამ ადამიანებმა წამაქციეს და შემდეგ გამისწორდნენ ისე, რაც ნახეთ. დღემდე ვმკურნალობ. ძალიან ბევრ მედიკამენტს ვიღებ დღესაც.

15 წლის განმავლობაში დაზღვევაც არ მქონია, ექიმთან ვიზიტიც არ მჭირდებოდა. ახლა, ფაქტობრივად სახლში ვარ გამოკეტილი. ლაივ-ჩართვებს ვაკეთებ და პრაქტიკულად ჩემი საქმე რაც არის, ეს საქმე ის აღარ არის. საავადმყოფოში რომ შემიყვანეს, პირველი დიაგნოზი იყო თვალების ქიმიური დამწვრობა და მერე ბევრი დაემატა კიდევ. ეს ორივე თვალს ეხება.

პრაქტიკულად გამაყუჩებლის ქვეშ ვიყავი სულ. მართლა უსინათლო ადამიანის ცხოვრებით ვცხოვრობდი და ყველაზე საშინელი ეგ იყო, ვერსად ვერ დადიხარ და ვერაფერს აკეთებ. საბედნიეროდ, საავადმყოფოში ჩემი კოლეგები იყვნენ, მივლიდნენ და მეხმარებოდნენ.

ჩემი ცხოვრება ჩემი პროფესიაა. ამდენი ხანია, ამ სამსახურში ვმუშაობ და ვერ ვასრულებ მოვალეობას. არც ის მინდა, ჩემ გამო უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩაჯდეს, მაგრამ თუ ადამიანს დაუდასტურდა ეს ბრალდება, გთხოვთ, უმაღლესი სასჯელი იყოს გამოყენებული“, – მიმართა თვალიაშვილმა მოსამართლეს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე დაიკითხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან კალანდია. მათ ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ასევე საქმესთან დაკავშირებით მათთვის ცნობილ დეტალებზე მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

 

 

ფოტო: „პირველი არხი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g