ორი კვირის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი. ამის შესახებ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში „ცუნამის“ მსგავსი კორონავირუსის ახალი ტალღა დაფიქსირდეს.
„500-დან ავედით ჯერ 1200-მდე, ახლა 2500-მდე. პრაქტიკულად, 5-ჯერ არის მომატებული შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაც მართლაც მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა თუ ციფრებს შევხედავთ, ჯერჯერობით ეს მატება საგანგაშო არ არის, კვირის განმავლობაში 2500 შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით საგანგაშო არ არის, მაგრამ მატების დინამიკის თვალსაზრისით ნამდვილად საგანგაშოა. 5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ალბათ, მოგვიწევს ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა და არა ყოველკვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი მართლაც საგანგაშოა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ
როგორც მანვე დასძინა, მოსალოდნელია, რომ შემთხვევათა მატების კვალდაკვალ აუცილებლად მოიმატებს საავადმყოფოში მიმართვიანობაც.
ივანე ჩხაიძის რეკომენდაცია არის ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის მაქსიმალურად არიდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში და რაც მთავარია, ვაქცინაცია.
მისივე განმარტებით, აუცილებელია იმ ადამიანების ვაქცინაციის გააქტიურება, რომლებსაც მესამე დამატებითი „ბუსტერ“ დოზა არ გაუკეთებიათ. მისი ინფორმაციით, „ბუსტერ“ დოზა ქვეყანაში მხოლოდ 260 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული.