ცნობილი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში პლასტმასის საწარმოს გახსნას განიხილავს. გეგმები დიზაინერმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიას გააცნო. მინისტრი ციკოლიას პროექტის განხორციელებას სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში სთავაზობს, სადაც საწარმოს შექმნიდან პირველი 2 წლის განმავლობაში, საბანკო სესხის პროცენტის თანა დაფინანსებას ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ განახორციელებს.
ეკონომიკის მინისტრი ციკოლიას ბიზნეს-იდეით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამრეწველო დიზაინერი “აეროსმიტის” კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის გამოყოფას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“5 მილიონს ვიხდით აეროსმიტში. 2,5 მომეცით და წარმოებას გავაკეთებ, დავასაქმებ ხალხს.
ექსპორტზე გავიტან პროდუქციას და ჩინურ-თურქულ პროდუქციას ნელ-ნელა ადგილობრივით ჩავანაცვლებ”, – წერდა ციკოლია ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერია, რომლის პორტფოლიოში მრავალი პროექტი შედის. ამასთან, ის საათების ქართული ბრენდის „რონიუს პუნქტუა”-ს შემქმნელია.
შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში ქართველი ინდუსტრიული დიზაინერის მიერ შექმნილი საათი საჩუქრად ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს გადაეცა. ციკოლიას ინფორმაციით, აღნიშნული აქსესუარი, სპეციალურად ინგლისელების დაკვეთით, „ვილისის“ და „ლენდ ლიზის“ 75 წლისთავთან დაკავშირებით შექმნა.