ქართული ჯარი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, „დელტამ“ თავდაცვის უწყებისგან უპრეცენდენტო, ხუთ მილიონ ლარამდე, ღირებულების შეკვეთა მიიღო. გამოყოფილი თანხით „დელტა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს დაამზადებს. პროდუქციის ტექნიკური მონაცემები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებზე იქნება მორგებული, რაც, თავის მხრივ, პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემებს თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.
აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრმა დღეს „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების გაცხადებული პოლიტიკაა. მან ჯავშაჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების ეფექტურობაზე ისაუბრა და ყურადღება სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან თანამშრომლობაზე გაამახვილა.
„დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ სამხედრო ინდუსტრიაში ჩადებული ინვესტიცია ცენტრის კონკურენტულ პოზიციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მის განვითარებას ხელს შეუწყობს.
დღესვე, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში გაიმართა გამოცდა-ტესტირება ჯარისკაცის იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რომლითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი აღიჭურვება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ტესტირების შედეგებს ადგილზე გაეცნო.
„დელტაში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და „დელტას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.