11 მაისს რადიო „ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ლელა წურწუმია სტუმრობდა პოპულარული სიმღერის „გიორგობისთვე“ ახალი ვერსიით.
– ლელა, მოკლედ ხომ ვერ მოგვითხრობთ სიმღერის ისტორიას?
– სიმღერა ზურა მანაგაძეს ეკუთვნის, რომელმაც მრავალი პოპულარული კომპოზიცია, მათ შორის „ტირიფები“ დაწერა ბესო კალანდაძის შესრულებით. ბესოს რეპერტუარიდანაა და ზურას ავტორობით შეიქმნა „გიორგობისთვეც“. მუსიკას უზარმაზარი ძალა აქვს, რადგან ყველა სიმღერა რაღაცას გახსენებს. ზურას მთელი შემოქმედება ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება და სწორედ ამიტომ მიყვარს ყველაზე მეტად. „ენძელას“ მსგავსად „გიორგობისთვის“ გაცოცხლებაც განსხვავებული ინტერპრეტაციით გადავწყვიტთ. ახალი ვერსია ნინო გულიაშვილს ეკუთვნის, ჩაწერაში კი, „ბრავო-სტუდია“ დაგვეხმარა. კლიპის გადაღების თხოვნით ჩემს მეგობარს ნესტან სინჯიკაშვილს მივმართე, რომელმაც დეკორაციად სამხატვრო აკადემიის ახლად გარემონტებული ინტერიერი აირჩია, ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გია გუგუშვილს, რომელმაც აკადემიაში მუშაობის საშუალება მოგვცა.
– განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა თქვენმა სამოსმა. საინტერესოა ვინ იზრუნა კოსტიუმების დიზაინზე?
– კოსტიუმების დიზაინი თვითონ მოვიფიქრე, განხორციელება კი, დათუნა სულიკაშვილმა, მაიკო შანავამ და ვიკა ვინდელბერგმა ითავეს, რომელმაც 6 ათასამდე სვაროვსკის თვალი მიამაგრა ჩემს კაბას. მართალია, ოთხივე კოსტიუმის შესაკერად ძალიან ძვირფასი ქსოვილი გამოვიყენეთ, მაგრამ ბევრად ფასეულია თავად დიზაინერების ნამუშევარი, რომელთაც უზარმაზარი შრომა გასწიეს და არაჩვეულებრივი, საოცრად ელეგანტური სამოსი შექმნეს.
– პანდემიის ერთი წელი რომ შევაჯამოთ, პირადად თქვენ რა დაგეხმარათ მის მეტ-ნაკლებად მსუბუქად გადატანაში?
– რა თქმა უნდა ჩემი გადაცემა, რომელიც ბევრად ადრე დაიგეგმა, თუმცა სწორედ პანდემიის დროს განხორციელდა და ერთის მხრივ, ემოციურად, მეორეს მხრივ, მატერიალურად დამეხმარა, რადგან შოუბიზნესის არაბიუჯეტური წარმომადგენლები პანდემიის დროს ყველაზე მძიმე მგომარეობაში აღმოვჩნდით.
– რას ფიქრობთ ვაქცინაციაზე?
– დედა უკვე ავცერი „ასტრა-ზენეკას“ ვაქცინით, მე კი, ოჯახთან ერთად ახლო მომავალში ვგეგმავ „სინოფარმით“ აცრას. მიხარია, რომ მოსახლეობა მასიურად უჭერს მხარს ვაქცინაციას, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ პანდემიის დამარცხებას.

გადაცემის ადუიოჩანაწერი