LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან, თქვენ დღეს მსტუმრობთ.. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა – რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა

116
ფორტუნა - 2023-04-07T164738.643

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან – ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი სურვილია ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს.

„საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები“ - ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს და ამ თვალსაზრისით, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან, საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი და თქვენ დღეს მსტუმრობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნახვის საშუალება გვეძლევა როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები.

ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალ წაადგეს. ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო ყოველდღიურად იზრდება.

ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ამ მიმართულებით გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 24.5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს, ეს მაჩვენებელი იზრდება. ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწოდებთ ევროპას 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ.

 

არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და 11 ათასი მეტრის მილსადენი გააჩნია ოპერირებაში, მოცული ჰყავს 800 ათასი მომხმარებელი. ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ენერგომიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს და ამ თვალსაზრისით, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მისივე თქმით, გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს.

„არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანული კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და გუშინ მიღებული ინფორმაციის თანახმად, მას 11 000 მეტრის მილსადენი აქვს ოპერირებაში, ემსახურება 800 000 მომხმარებელს, აბონენტს საქართველოში.

აქედან გამომდინარე ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ ენერგომიმართულებით. დაწყებული გვაქვს უკვე ამ მიმართულებით მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ესაა მასშტაბური პროექტი და რა თქმა უნდა, მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან და რა თქმა უნდა ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელმაც უკვე მიანიჭა ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ პროექტს. ეს არ არის შემთხვევით, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა ხელმოწერის ცერემონიაში,“- აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ის საკითხები გააჟღერა, რაზედაც ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ისაუბრა.

„მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის თქვენთან, აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანელ ხალხთან ძმობას, მეგობრობას. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს. გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა. აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ თქვენთან ერთად გვაქვს განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რამაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ჩვენი ერები, კიდევ უფრო მეტად გახდა ურთიერთდამოკიდებულები, რომელიც საუკუნეები გასტანს.

ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც უკვე განხორციელდა და უკვე წარმატებით მუშაობს. მოგეხსენებათ, საქართველო არის ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანა. როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, როგორიცაა მაგალითად, შავი ზღვის ელექტროკაბელი იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ. მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ ევროპას მწვანე განახლებადი ენერგია მიაწოდოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ორივე ქვეყანამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ.

 

 

ჩვენ ასევე, საუბარი, ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებაზე გვქონდა. ასევე რთულ ვითარებაზე ვისაუბრეთ, რომელიც არის უკრაინაში ომის გამო. ეს ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის. ასეთ გამოწვევა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენ ხალხებს და ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. ჩვენ გვინდა მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც მეტად გააძლიერებს და დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ერებს.

მე ასევე, მინდა ვთქვა ე.წ. შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილი არის, რომ უახლოეს მომავალში ყველა ბარიერი მოიხსნას. ერთობლივად უნდა განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. იქნება ეს პორტები, რკინიგზა. იცით, რომ ჩვენ წელს ანაკლიის პოსტის მშენებლობას ვაპირებთ. ასევე ჩვენ დაახლოებით, ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით,“ – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას ერთად დგომით შეუძლიათ რეგიონალური გამოწვევების დაძლევა და თანამშრომლობის სტიმულირება რეგიონში საერთაშორისო ინტერესების განსახორციელებლად.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და ერთგულია სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეისადმი, მათ შორის ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სფეროებში. ერთად დგომით შეგვიძლია რეგიონალური გამოწვევების დაძლევა და თანამშრომლობის სტიმულირება რეგიონში საერთაშორისო ინტერესების განსახორციელებლად“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g