საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ფარგლებში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება და პირველი რეისი 26 მაისს შესრულდება.
სარკინიგზო რეისები, რომლებიც 2020 წელს პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერდა, ოპერირებას რეგულარულ რეჟიმში განაახლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი სამგზავრო მიმოსვლისთვის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის კავშირის მნიშვნელოვან, პრაქტიკულ და სტრატეგიულ ალტერნატიულ საშუალებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეავსებს არსებულ საჰაერო მიმოსვლას და ხელს შეუწყობს მოქალაქეთა გადაადგილების, ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის, ხაზგასასმელია საქართველოსთვის 20 წლის ვადით ბუნებრივი გაზის მიწოდების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის თაობაზე მთავრობათაშორისი შეთანხმებები. მარიამ ქვრივიშვილი, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა.
ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების ყოვლისმომცველი პაკეტი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც 2003 წელს არის გაფორმებული, ვადა ამოეწურა, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და 20 წლის ვადით გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თანამშრომლობისთვის სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე ხელი მოეწერა ახალ შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რაც უზრუნველყოფს ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს.
განსაკუთრებით ხაზგასმელია, რომ გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლითაც ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა.
ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში აზერბაიჯანთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.
მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ბაქოში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს ხელმძღვანელები.
