LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერა შეიძლება მივიჩნიოთ ხმების ყიდვად – საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს აფასებენ

andrikiene

დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც შევიტყეთ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე – ეს ფართომასშტაბიანი აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაიმა ლიუსია ანდრიკიენემ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, საარჩევნო კამპანია ძალიან ნეგატიური იყო.

„გვიხარია იმის თქმა, რომ სერიოზული ინციდენტები არ აღინიშნა არჩევნების დღეს, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზოგიერთი ელემენტი, რომელიც პირველ რაუნდში გავაჟღერეთ, სამწუხაროდ, კვლავ აქტუალურია. ჩვენ ძალზე გვაშფოთებს ნეგატიური კამპანია და მძაფრი ბრალდებები კანდიდატების მხრიდან. 28 ოქტომბერს ეს გაუარესდა, მათ მიაღწიეს მიუღებელ დონეს, რომელმაც შეიძლება რისკი შეუქმნას დემოკრატიის კონსოლიდაციას ქვეყანაში, რომელსაც ამ რეგიონში ლიდერად მივიჩნევთ,“ – განაცხადა ანდრიკიენემ.

მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი იყო საზოგადოებაში ანტაგონიზმის წარმომშობი.

„მჯერა, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტი გამოთქვამს სურვილს და შეძლებს გაამთლიანოს, შეარიგოს ერი, რათა ქვეყანამ თვალი გაუსწოროს იმ ბევრ გამოწვევას, რომელიც მის წინაშე დგას. ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტი, დემოკრატიული, არაკონფრონტაციული დიალოგი ყველა მონაწილე მხარეს შორის, რათა პოლიტიკური სტაბილურობა დავიცვათ. ის ფაქტი, რომ ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს კენჭისყრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე დიდი შეშფოთების საგანია. ამ მოქალაქეთა დავიწყება და მათი ბედის ანაბარად მიტოვება არ შეიძლება. თარიღის არჩევა მეორე რაუნდის კენჭისყრისთვის არ გამოხატავდა ყველა ამომრჩევლის ინტერესს და ინკლუზიურადაც ჩატარდა, რამაც აღძრა ეჭვები, რომ პოლიტიკურად მოტივირებული იყო. დიდი სიურპრიზი იყო, როდესაც შევიტყეთ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერაზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს ხანგრძლივი პროცესის შედეგი იყო, მაგრამ ფაქტმა, რომ ასეთი სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური გადაწყვეტილება გამოცხადდა საკამათო მეორე რაუნდის წინ რამდენიმე დღით ადრე, თანაც იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარის ორგანიზაციის სახელით გაჟღერდა, გარკვეული ეჭვი შეიტანა ამომრჩეველთა გონებაში. ეს წარმოშობს სამართლებრივ ეჭვს, თუ რა არის ამ ნაბიჯის ჭეშმარიტი განსაზღვრება. ეს ფართომასშტაბიანი აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად. როგორც ჩვენ ერთობლივ განცხადებაში აღვნიშნავთ მეტი სინათლე სჭირდება ასეთ საკითხს, როგორიცაა ვალების ჩამოწერა,“ – განაცხადა ანდრიკიენემ.

აღნიშნულზე განცხადება გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრე ჰუნკომაც.

“საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა დაადასტურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეშფოთება, წინასაარჩევნო კამპანიისა და პარტიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გასაოცრად გულუხვი სისტემა და კერძო შემოწირულებები. სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის პოლიტიკაში ფულის როლის ამგვარმა ზრდამ და კონტროლის ეფექტური მექანიზმის არარსებობამ ხელი არ შეუწყო დემოკრატიული არჩევნების მიმართ მოქალაქეების ნდობის განმტკიცებას,” – განაცხადა ჰუნკომ.

თუმცა,  ანდრე ჰუნკო მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. ასე უპასუხა მან შესაბამის კითხვას. მისივე თქმით, არსებობდა პროგრესი, თუმცა რიგ შემთხვევაში იყო რეგრესიც.

“რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმირებას, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტრასბურგში, თუ თვლით, რომ თქვენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება იყო დარღვეული. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შესაძლოა ამან იმოქმედა რეზულტატზე, მაგრამ არა შედეგზე. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. თუ შეადარებთ მანამდელ არჩევნებს და მეორე ტურს, უთანაბრო სურათი გამოვა, სადღაც პროგრესია და სადღაც რეგრესი,” – განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g