რატომ გაჩნდა თბილისის ქუჩებში საცობები? – ამ კითხავზე პასუხის გასაცემად ”ფორტუნა” ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით მესხიშვილს ესაუბრა. მესხიშვილის ინფორმაციით, არსებობს ძირითადი 7 მიზეზი, რომელმაც საქართველოს დედაქალაქი თითქმის ავტოკოლაფსამდე მიიყვანა. ეს მიზეზებია:
1. ავტომობილების რაოდენობის უსისტემო ზრდა (მანქანების რაოდენობა იზრდება ყოველგვარი კონტროლის გარეშე. მათი სიმრავლე საცობების პირველი მიზეზია)
2. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შეჩერდა (მაგალითად, წინა მერიის პირობებში უნდა განტვირთულიყო სააკაძის მოედანი, გაკეთებულიყო რკინიგზის შემოვლითი გზა და ა.შ. ეს პროექტები ამჟამინდელმა მერიამ შეაჩერა)
3. მძღოლების მიერ წესების დარღვევა.
4. საპატრულო პოლიციის მიერ დარღვევების უყურადღებოდ დატოვება და ნული რეაგირება.
5. პარკირება (ავტომობილების რაოდენობა არის დიდი, საპარკინგე ადგილები კი ცოტა. შესაბამისად, ყველა იქ აყენებს საკუთარ ავტომობილს, სადაც თავისუფალ ადგილს დაინახავს.)
6. საგზაო მოძრაობის დარეგულირება (მაგალითად, დასუფთავების სამსახური უნდა მუშაობდეს საღამოს საათებში, დისტრიბუციის მანქანების საქმიანობა პიკის საათებში უნდა შეიზღუდოს, ცენტრალურ გამზირებზე მხოლოდ ავტობუსები უნდა დადიოდნენ და არა სამარშუტო ტაქსები…)
7. ქვეითად მოსიარულეები (საცობების შექმნას ხელს უწყობენ ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე ჭრიან გზებს. ამის გამო, ბოლო 1 წლის მანძილზე 200 ადამიანი დაიღუპა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია)
ცნობისთვის, საქართველოში დაახლოებით 1 050 000 მანქანაა ექსპლუატაციაში. აქედან 40-50% დედაქალაქში მოძრაობს. ანუ ყოველ მესამე ადამიანს ავტომობილი ჰყავს.