LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 საათზე, იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე: თამარ გაბუნია

93
თამარ გაბუნია

“დღეს, 7 საათზე, სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის აობაზე, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ქვეყანაში.” – ცოტა ხნის წინ ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

ვიდეო: ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინის შედეგად კომაში ჩავარდნილი ქალის მდგომარეობა საყურადღებოა, დაწყებულია მისი თბილისში ტრანსპორტირების პროცესი და შემდგომ მკურნალობა და მდგომარეობის მართვა გაგრძელდება თბილისში:

“დღეს 4 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აცრის შემდგომ პერიოდში, სამედიცინო პერსონალს ახალციხის იმედის კლინიკაში დაუფიქსირდა სავარაუდო გვერდითი რეაქცია, რომელიც შესაძლოა იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან, ამდენად დაუყოვნებლივ იქნა დაწყებული შემთხვევის გამოძიება.

რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის. პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის არის მძიმე, მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში.” – განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა, გაბუნიამ განაცხადა: “ასეთ შემთხვევაში, გამომწვევი მიზეზი არის მძიმე ალერგიული რეაქცია, სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე, თუმცა, არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლოა იყოს რაიმე სხვა, დამოუკიდებელი მდგომარეობა, რამაც გამოიწვია ასეთი გართულება”.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში, კლინიკა “იმედში” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანი ცუდად გახდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე ჩასულია კატასტროფის ბრიგადა და ხდება ავადმყოფის ევაკუაცია თბილისში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან საყურადღებო და ის არის ინტუბირებული. მისი თქმით, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მისი სიცოცხლე შენარჩუნდეს.

პარალელურად, მიმდინარეობს ფაქტის მოკვლევა.

magti 5g