LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 სოფელი საქართველოში, რომელსაც უცნაური და ღიმილისმომგვრელი სახელი აქვს

36099
jpg

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობისას, გზად, ალბათ, ბევრ თქვენგანს შეხვედრია რომელიმე სოფლის აბრა, რომელსაც ღიმილი გამოუწვევია. ზოგიერთ თქვენგანს კი, შესაძლოა, სწორედ ერთ-ერთ ასეთ სოფელში გაქვთ სახლი და ზაფხულობით მას ხშირად სტუმრობთ ხოლმე, ან სულაც, სტაბილურად ამ სოფელში ცხოვრობთ.

მოკლედ, ჩვენი ქვეყნის რეგიონებში მრავლადაა უცნაური დასახელების მქონე სოფლები, რომელთა არსებობაც გვახალისებს. ცხადია, ყველა ამ სოფლის შესახებ ვერ გიამბობთ, თუმცა „ფორტუნამ“ უცანური სახელის მქონე 7 ქართული სოფელი შეარჩია. მათი უმრავლესობის შესახებ, დიდი ალბათობით, თქვენც გაგონილი გექნებათ.

მათხოჯი

სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა ნაპირას, ხონი-მარტვილის საავტომობილო გზაზე. სოფლის ჩრდილოეთ მხარეს 150 მეტრი სიმაღლის მთაზე დგას მე-6 საუკუნის ციხე-სიმაგრე, ამჟამად ე.წ “ნაციხარი”. სოფელში ორი ტაძარია: წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და წმიდა ბასილის ეკლესია.

იმერეთში მდებარე სოფელ მათხოჯის შესახებ ერთი უცნაური ისტორია არსებობს. სოფელში მცხოვრებ მათეს ჰყოლია ცხენი, სახელად ხოჯი. ერთ დღე ხოჯი დაიკარგა, მთელი დღის ძებნის შემდეგ ცხენი იპოვეს და პატრონს დაუძახეს: მათე ხოჯი აქაა-ო. ასე დაერქვა სოფელს მათხოჯი.

ბზუბზუ

სოფელი აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში. მახუნცეთის თემში მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 261 კაცი. გადმოცემის თანახმად, სოფელში ბევრი ფუტკარი იყო და მათი ბზუილის გამო შეარქვეს სოფელს ბზუბზუ.

მანიაკეთი

სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტში (დიოკნისის თემი), მდინარეების აჭარისწყლისა და სხალთის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1160 მ, ხულოდან 10 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 298 ადამიანი.

დამპალეთი

სოფელი შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში (ძარის თემი). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1020 მეტრის სიმაღლეზე, ცხინვალიდან 10 კილომეტრის და ქურთიდან 9 კმ. დაშორებით. ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლების კონფლიქტის შემდეგ, სოფელი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმაა დარჩენილი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ცხინვალის რეჟიმის მიერ სოფელი იწოდება დონბინად.

ძუყნური

სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში (ხრესილის თემი), მდებარეობს ოკრიბა–არგვეთის სერის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 420 მეტრი, ტყიბულიდან 14 კილომეტრი. სოფელს ემსახურება ხრესილის საჯარო სკოლა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 158 ადამიანი.

სასირეთი

სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში, თელიანის თემში. მდებარეობს მდინარე თეძმის ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი სასირეთი ანტიკური ხანის სოფელია. მდებარეობს მდინარე თეძმის ხეობაში, თეძმის და მტკვრის შესართავთან.

სოფლის სახელწოდება სასირეთი, სავარაუდოდ, ჩიტის ძველქართული სახელწოდებისგან – სირისგან წარმოიშვა, რადგან ამ სოფლის ჭალებში ოდითგანვე ძალიან ბევრი სახეობის ფრინველი ბინადრობდა. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელს სახელი სასირეთი ფრინველის „სირის“ შემოსევის შემდეგ დაერქვა. აღნიშნული ფრინველის შემოსევა „დიდოსტატის მარჯვენაშიც“ არის აღწერილი. გადმოცემის თანხმად ე. წ. სასირე მახეები მდინარე თეძმის პირას დააგეს და სოფელს მას შემდეგ ეწოდა სასირეთი.

ამ სოფლის მკვიდრი იყო სახელგანთქმული გენერალი გიორგი მაზნიაშვილი. სოფელში მისი სახელობის სახლმუზეუმია განთავსებული. მუზეუმში დაცულია სახელგანთქმული გენერლის და XX საუკუნის გიორგი სააკაძედ წოდებული მხედართმთავრის საოჯახო ნივთები, ფოტო სურათები, წერილები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

გოჭკადილი, ანუ გაჭედილი

სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი. მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპირო, ზღვის დონიდან 240 მეტრი, მარტვილიდან 8 კმ, სენაკიდან 48 კმ.

სოფელი გაჭედილი ცნობილია კანიონით, რომელიც მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი.

სოფელ გაჭედილის კანიონი 2010 წლის 4 ოქტომბერს ნაკრძალად გამოცხადდა.

magti 5g