LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„73 წლის ასაკში შევძელი იმდენი, რომ დღეს ჩემთან მოსვლა ყველას უხარია – ესაა ჩემი ძალაც და უნარიც“ – როგორ შექმნა ნაზი ბებომ ბიზნესი გურიაში

16640
ნაზიკო ბებო

ქალთა გაძლიერება და მათი ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობა რომ მნიშვნელოვანი და სტრატეგიულად აქტუალური საკითხია, დღეს, ამაზე აღარავინ დავობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალებს ამ სფეროში თავის დამკვიდრება სხვადასხვა მიზეზით, მაინც გვიჭირს.

მიუხედავად ამ მოცემულობისა, არსებობს გამონაკლისები – გამორჩეულად ძლიერი ქალები, რომელთაც დაბრკოლებებისა და ცხოვრებისეული სირთულეების ფონზე, საკუთარი თავის პოვნა მაინც შეძლეს.

ამ სტატიის მთავარი გმირიც ასეთი ქალია – ძლიერი, გამორჩეული ლიდერის თვისებებით, რომელმაც შეძლო და 73 წლის ასაკში საკუთარი ბიზნესი განავითარა. უფრო მეტიც, ბიზნესთან ერთად, ყველა საოჯახო საქმეს დღემდე მისთვის ჩვეული ენერგიით უმკლავდება. ამ ამბავში კი განსაკუთრებით აღსანიშნი მისი ასაკი და დაუღალავი შრომაა, რომელსაც იგი უბრალოდ ყოველდღიურობას უწოდებს.

 

73 წლის მეწარმე ქალი

 

73 წლის ნაზი ჯაველიძე გურიის ერთ-ერთი ულამაზესი სოფლის – დვაბზუს მკვიდრია, ახლა უკვე შემდგარი მეწარმე. ამავე სოფელში ნაზის მყუდრო, სრულად კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმრო – „გურიის ხიბლი“ აქვს, რომელიც საკუთარ სახლში, ბევრი ფიქრისა და შრომის შემდეგ განათავსა. ამბობს, რომ საზაფხულო სეზონზე სტუმრების ნაკლებობას არასდროს განიცდის, რადგან როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებით ტურისტებს, გურია ძალიან მოსწონთ.

 

 

გარდა ამისა, როგორც ნაზი გვიყვება, ყოველდღიურად უამრავ საქმეს რამდენიმე დამხმარე, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად უმკლავდება, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი რესპონდენტი ადგილობრივების დასაქმებასაც თავისთავად უზრუნველყოფს.

მისი თქმით, ბიზნესი რთული სამართავია, თუმცა, იმისთვის, რომ უკეთეს შედეგამდე მივიდეს, ცდილობს რეგიონში გამართულ გადამზადების ყველა კურსს დაესწროს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნაზიმ რამდენიმე სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციის დაფინანსების მოპოვებაც მოახერხა, რომლის დახმარებითაც  „გურიის ხიბლი“ სტუმრებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.

 

 

როგორ გაჩნდა ბიზნესის შექმნის იდეა

 

„17 წლის წინ, როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, ბუნებრივია, მარტოს მომიწია იმ ყველა საოჯახო საქმესთან გამკლავება, რასაც მანამდე ერთად ვუძღვებოდით. რა თქმა უნდა, ამ დიდი სტრესის შემდეგ, გამიჭირდა კიდეც, რადგან მოგეხსენებათ, არის ოჯახში ისეთი საქმეებიც, რაც ქალისთვის უფრო რთულად შესასრულებელია, მაგრამ არ შევშინებულვარ – მიწაზეც ვმუშაობდი, საყოლსაც ვუვლიდი და კარ-მიდამოს მოვლა-პატრონობაც ჩემი საზრუნავი იყო.

 

 

ეს ყველაფერი მარტივი არ აღმოჩნდა, მაგრამ, თურმე, თუ ადამიანი მოინდომებს და ძალისხმევას სწორად გამოიყენებს, ყველაფერი შესაძლებელი ყოფილა. ამაში ალბათ ჩემი ხასიათიც დამეხმარა, რადგან ბუნებით ძალიან მებრძოლი ვარ და სწორედ ამიტომ იყო, რომ მხოლოდ საოჯახო საქმეებით არ დავკმაყოფილდი და ახალ საქმეზე ფიქრი დავიწყე.

გარკვეული დროის შემდეგ, გავაკეთე ჩემი მცირე ბიზნესი, აქ ყველაფერი ჩემი წარმოებისაა – მაქვს ადგილზე, ჩემი ხელით მოყვანილი ბოსტნეული და ხილი, რძის ნაწარმი, კივის, თხილისა და ფეიხოს ბაღები, მომყავს უეკლო მაყვალი და ჟოლო. ასევე მაქვს ჩემი წარმოების მურაბები, კომპოტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემივე ხელით დაწურული ღვინო და არაყი, რომელიც ტურისტებს ძალიან მოსწონთ, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას ნაზი ჯაველიძე.

 

 

„გურიის ხიბლი“ – მეწარმე ქალის მონაპოვარი

 

როგორც უკვე ზემოთ მოგიყევით, ნაზის საკუთარ სახლში საოჯახო სასტუმრო აქვს განთავსებული. „გურიის ხიბლმა“ უკვე უამრავი ტურისტის გული მოიგო. სტუმრები ხშირად, ჩამოდიან, მათ შორის, ევროპის დიდი ქვეყნებიდანაც – გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდანაც კი. მეტწილად კი ლიეტუვადან, უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან სტუმრობენ.

ნაზი გვიყვება, რომ პანდემიამ მის ბიზნესზე მძიმე შედეგი იქონია, თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ამის ფონზე, ქართველი სტუმრების ნაკლებობას არ განიცდის. ჩვენი რესპონდენტი იმედოვნებს, რომ მალე ქვეყანა ჩვეულ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება და მისი სტუმრებიც „გურიის ხიბლს“ კვლავ ეწვევიან.

 

 

„ამჟამად მაქვს სრულად კეთილმოწყობილი საოჯახო სასტუმრო, რომელიც ჩემს სახლში განვათავსე. ტურისტები ყოველწლიურად მყავს, თუმცა, პანდემიამ ცოტათი უკან დაგვხია, მაგრამ იმის გამო, რომ აქ წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი მსტუმრობდა, ჩემთან დამსვენებელი მაინც ყოველთვის მოდის-ხოლმე.

როგორც თვითონ ამბობენ, „გურიის ხიბლი“ ნამდვილად ხიბლავთ. უყვართ გურული სამზარეულო და განსაკუთრებით ხალხი, რომელიც სტუმრებს იუმორითა და სითბოთი ხვდებიან.

სასტუმროში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეები მყავს, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეგიონი არ დაიცალოს და ხალხს საქმის კეთება აქაც, ამ ლამაზ კუთხეშიც შეეძლოთ,“ – გვითხრა ნაზიმ.

 

როგორ დაეხმარა ნაზი ბებოს გურული ენთუზიაზმი ბიზნესის კეთებაში

 

გურულები განსაკუთრებული ენერგიულობით გამოირჩევიან. უყვართ სისწრაფე და აქვთ განსაკუთრებული, გურულებისთვის დამახასიათებელი იუმორი. სწორედ ამიტომ ჩვენს რესპონდენტს, ნაზი ბებოს ვკითხეთ – რაში დაეხმარა მას გურული ენერგია.

 

 

„რაც შეეხება გურულ ქალებს, ჩემს თავზე ლაპარაკი მიჭირს-ხოლმე, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი საქებარი სიტყვა მესმის, მოტივაციაც მემატება. 73 წლის ასაკში მოვახერხე და შევძელი იმდენი, რომ დღეს ჩემთან მოსვლა ყველას უხარია – ესაა ჩემი ძალაც და უნარიც, რომ საქმე გავაგრძელო.

ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ გურულები ძალიან სწრაფები არიან, ქალები მკვირცხლები და შემოქმედებითები. მეც ალბათ ასეთი ვარ – ძალიან მიყვარს ყველაფრის საქმის კურსში ყოფნა, მინდა ყველაფერი სწრაფად გაკეთდეს. ჩემი ამ სულსწრაფი ხასიათის გამოც და იმის გამო, რომ გურული ენთუზიაზმი ჯერ კიდევ შემრჩა, მოვედი იქამდე, სადამდეც მოვედი.

წლებმა და პრაქტიკამ ბევრი რამ მომცა – ახლა ვცდილობ, ყოველი ახალი საქმე გაცილებით უფრო დაკვირვებით ვაკეთო და ბევრი ვისწავლო, თქვენ წარმოიდგინეთ ამ ასაკშიც კი, როცა თითქოს, უკვე ყველაფერი უნდა ვიცოდე, მაგრამ ხომ გსმენიათ: „სწავლა სიბერემდეო“ და მეც სულ ვცდილობ, ჩემი სტუმრები სიახლეებით გავანებივრო. რეგიონში მიმდინარე გადამზადების ყველა კურსებს ვესწრები, თუკი რაიმე ბიზნესსა და სამეწარმეოს საქმიანობის წინ წაწევაში დამეხმარება,“- გვითხრა ნაზი ჯაველიძემ.

 

magti 5g