LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველებმა დიდი გზავნილი გაუგზავნეს ევროპას: არ არსებობს გუნდი, რომელსაც ვერ დავამარცხებთ – რას წერს ფიბა-ს საიტი საქართველოზე

95
FbWBm0QWAAEKwik

1 სექტემბერს, ზეგ, ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელსაც საქართველოც უმასპინძლებს. უდიდესი სპორტული და ალბათ არა მარტო სპორტული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც გულშემატკივარი განსაკუთრებით ელოდება და მიუხედავად თორნიკე შენგელიას გამოკლებისა, მხოლოდ წარმატებას ელის და ითხოვს ნაკრებისგან

ფიბა ევრობასკეტის საიტმა საქართველოს ნაკრებზე სტატია დაწერა, სადაც ჩვენი გუნდი მიმოიხილა და სწორედ ამ საინტერესო მასალას გთავაზობთ.

საქართველოს ნაკრების, ქართული კალათბურთის და, შეიძლება ითქვას, მთელი საქართველოს დროა. ლოდინი დასრულდა: თბილისი ისტორიაში პირველად მასპინძლობს ევრობასკეტს. ქვეყნისთვის, რომელსაც ვნებიანად უყვარს სპორტი და აქვს ამდენი ტრადიცია, ეს ტურნირი გახდება რაღაც განსაკუთრებული.

მაგრამ ამდენი ყურადღებისა და დიდი მოლოდინების გამო, ზეწოლაც ხდება. ქართველ გულშემატკივრებს სურთ გამარჯვებების მოწმენი გახდნენ ახალ „თბილისი არენაზე“ და სურთ იხილონ ეროვნული ნაკრების ისტორიაც.

საქართველო დიდ მიღწევასთან ყველაზე ახლოს 2011 წელს მივიდა, როდესაც ლიეტუვაში მეორე ჯგუფურ ეტაპს მიაღწია, მაგრამ საბოლოო შედეგებით მხოლოდ მე-11 ადგილზე დაასრულა. ეს იქნება საქართველოს მეორე ევრობასკეტი ბერძენი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.

თანამასპინძელმა საქართველომ მაინც მიიღო მონაწილეობა შესარჩევში, რათა ტურნირის წინ თამაშების გამართვის შესაძლებლობა ჰქონოდა. ისინი E ჯგუფში მეორე ადგილზე იყვნენ 4 გამარჯვებით, მათ შორის იყო შთამბეჭდავი გამარჯვება სერბეთთან ბელგრადში. ეს მოხდა თად მაკფადენის წარმოუდგენელი თამაშის შემდეგ (33 ქულა), ხოლო გიორგი შერმადინმა 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ქართველებმა დიდი გზავნილი გაუგზავნეს ევროპას: არ არსებობს გუნდი, რომელსაც ვერ დავამარცხებთ.

ზუროსს ახლა ჰყავს ქვეყნის ყველა საუკეთესო მოთამაშე ევრობასკეტისთვის, მათ შორის ერთ-ერთი უძლიერესი და ზემოხსენებული ბომბარდირი მაკფადენი. იქაური საოცრება რატი ანდრონიკაშვილი მაკფადენს დაეხმარება, ხოლო გიორგი ცინცაძეს უსაზღვრო გამოცდილებით შეტევების ორგანიზება შეუძლია. ზუროსი ასევე შეძლებს დებიუტანტ კახაბერ ჯინჭარაძის და დუდა სანაძის გამოყენებას, გუნდის კიდევ ერთი ვეტერანის, რომელიც ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტისთვის ემზადება.

თავისი ათლეტურობით და დაცვაში თამაშით ბექა ბურჯანაძე, როგორც ჩანს, მწვრთნელის არჩევანია თავდამსხმელის პოზიციაზე (და აქ სტატიაში თორნიკე შენგელიაზე საუბარი გრძელდება, რომელიც თავისი გამოცდილებით ბევრ სათამაშო დროს მიიღებდა – სამწუხაროდ, ეს ასე აღარ იქნება).

საქართველოს არ აკლია ტანმაღალი ძლიერი მოთამაშეებიც. სანდრო მამუკელაშვილს შეუძლია სამქულიანების სროლაც, ხოლო გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის დუეტი ცენტრის პოზიციაზე ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა. შერმადინი ევრობასკეტზე იქნება როგორც ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი, ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ ის თბილისში შოუს მოაწყობს.

საქართველოს ნაკრები საკმაოდ დაბალანსებულად გამოიყურება და ქაღალდზე მაინც უნდა შეეძლოს ბერლინის ბილეთის აღება. თუ ამას დაუმატებთ, რომ „თბილისი არენაზე“ გულშემატკივარი მეექვსე მოთამაშის როლს შეასრულებს, ვინ იცის, შესაძლოა A ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტიც გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები