8 მაისს რიყის პარკში ,,ევროპის დღეს“ აღნიშნავენ. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. მთელი დღის განმავლობაში პარკში მოწყობილ ,,ევროსოფელში“ სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში, საღამოს კი გაიმართება კონცერტი ქართველი და ევროპელი შემსრულებლების მონაწილეობით.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ,,ევროსოფელი“ გაიხსნება 12 საათზე. ევროკავშირის ქვეყნები საელჩოები წარმოაჩენენ თავიანთ ტრადიციებსა და საქმიანობას საქართველოში. სპეციალურად მოწყობილ კულინარიულ კუთხეებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გასინჯონ ევროპული სამზარეულო. დღის განმავლობაში რიყეზე მოწყობილი სცენა დაეთმობა კულტურულ ღონისძიებებს, თამაშებსა და პრიზებს ბავშვებისთვის.
15 საათზე დაიწყება ღონისძიების ოფიციალური გახსნა. ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, სახელმწიფო
მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია სიტყვით მიმართავენ სტუმრებს. ღონისძიებები გაგრძელდება 18 საათამდე.
საღამოს, 19 სთ–დან 21.30–სთ–მდე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ,,სუხიშვილები“, ევროვიზიის ქართველი მონაწილეები ნინა სუბლატი და ჯგუფი ,,ელდრაინი“, ჯგუფი ,,ნიუტონი“, იტალიელი ტენორი პიერო მაცოკეტი, რომელიც იტალიიდან სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვიდა და ქართველი სოპრანო ირინა თაბორიძე.
,,ევროპის დღის“ აღნიშვნით ევროპის დღეები გაიხსნება , რომლებიც 8 მაისიდან 24 მაისამდე გაგრძელდება.
ევროკავშირის ქვეყნებში ,,ევროპის დღეს“ 9 მაისს ზეიმობენ. 1950 წლის 9 მაისს ევროპის ქვეყნების ერთიან თანამეგობრობაში გაერთიანების იდეა ევროკავშირის ერთ–ერთმა
დამაარსებელმა რობერტ შუმანმა წამოაყენა.