LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი „მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორგანო მუსიკის სამყაროში“ მოეწყობა

432
8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტი „მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორგანო მუსიკის სამყაროში“ მოეწყობა

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემას „არტ-FM“-ს „ბრავო რექორდსის“ გენერალური დირექტორი თათა ქრისტესაშვილი და კონსერვატორიის საორგანო კლასის ხელმძღვანელი ლია ბაიდოშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც ახალ პროექტზე „მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორგანო მუსიკის სამყაროში“ ისაუბრეს.

(თათა ქრისტესაშვილი) 8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის დიდ დარბაზში კონცერტი „მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორგანო მუსიკის სამყაროში“ მოეწყობა. უდიდესი გერმანელი კომპოზიტორის ნაწარმოებს ცნობილი გერმანელი ორგანისტი, კლავესინისტი და დირიჟორი, ლინცის და შტუტგარტის სახელმწიფო მუსიკალური უნივერსიტეტების პროფესორი იორგ ჰალუბეკი შეასრულებს. 2004 წელს, ლაიფციგში, იოჰან სებასტიან ბახის სახელობის მე-14 საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ ჰალუბეკმა ფართომასშტაბიანი პროექტი განახორციელა სახელწოდებით „ბახის საორგანო პეიზაჟები”, რომლის ფარგლებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში შეისწავლა ორგანთმშენებლობის ტრადიციები, გამოიკვლია ბახის ეპოქის ისტორიულ ინსტრუმენტები და ამ ქალაქების კულტურული თავისებურებების გავლენა იოჰან სებასტიან ბახის საორგანო მუსიკის ჟღერადობებზე. ჰალუბეკმა გერმანიის 10 ქალაქში იმოგზაურა და იმ ორგანებზე დაუკრა, რომლებზეც თავად ბახი ასრულებდა საკუთარ ქმნილებებს, მოგვიანებით კი, უნიკალური მუსიკალური პროექტი BERLIN CLASSICS-ის რექორდ ლეიბლთან ერთად გამოსცა CD ალბომების სერიად.  

8 ოქტომბერს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, იორგ ჰალუბეკი ბახის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს შეასრულებს, ასე რომ, ძალიან საინტერესო და გემოვნებიანი საღამო ელით მელომანებს. ამასთანავე, კონცერტის დაწყებამდე ჰალუბეკი მასტერკლასს ჩაატარებს ახალგაზრდებისთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით ქალაქ თბილისის მერიას.

(ლია ბაიდოშვილი) მიხარია, რომ ახალგაზრდები აქტიურად ინტერესდებიან საორგანო ხელოვნებით. მათი რიცხვი განსაკუთრებით ბოლო 10 წლის მანძილზე გაიზარდა. სწორედ ასეთი ახალგაზრდებისთვის გვაქვს მაგისტრატურის ორი კურსი და ბაკალავრიატის არჩევითი კურსი, რომელიც 2 სემესტრს მოიცავს. ინტენსიურად ვაწყობთ კონცერტებს და საღამოებს, რომელშიც მეტწილად სტუდენტები მონაწილეობენ. მადლობა მინდა გადავუხადო „ბრავო რეკორდს“ არაჩვეულებრივი პროექტისთვის, რომელიც უდიდეს გერმანელ კომპოზიტორს იოჰან სებასტიან ბახსა და ბრწყინვალე ორგანისტს იორგ ჰალუბეკს წარუდგენს ქართველ მსმენელს. პროგრამა ბახის შემოქმედების სხვადასხვა პერიოდს და საუკეთესო ნაწარმოებებს გააერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები