ნინო გაჩეჩილაძე დაბადების დღეს ულოცავს მამას, ცნობილ მუსიკოსს, გივი გაჩეჩილაძეს:
„დღეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის — ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარის, მამაჩემის (გივი გაჩეჩილაძის) დაბადების დღეა.
მიყვარს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მამაჩემია, არამედ მრავალი სხვა მიზეზითაც:
უპირველესად, ის არის თავის ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი — ადამიანს არაერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა უცხოეთში წასულიყო და იქ დარჩენილიყო, მაგრამ არასოდეს გაუკეთებია ეს. მან საქართველო აირჩია და აქ, საკუთარ ქვეყანაში რეალიზება არჩია.
ბევრი უსამართლობა ნახა ცხოვრებაში, ბევრ იმედგაცრუებას შეხვდა როგორც მეგობრებისგან, ისე კოლეგებისგან, მაგრამ არასოდეს გაბოროტებულა და არასოდეს დაუნებებია თავი თავისი საყვარელი საქმისთვის — მუსიკისთვის. დღემდე სწავლობს, დღემდე ახლის ძიებაშია!..
84 წლის ასაკში მეუღლე დაკარგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ დაუკარგავს რწმენა — არც უფლის, არც ადამიანების მიმართ.
დღეს ის იუბილარია — 87 წლის გახდა! და სიბერეს თავისი საყვარელი შვილიშვილების, ელიასა და გაბრიელას გარემოცვაში ატარებს.
გილოცავ, მამა!
ღმერთს ვთხოვ შენს ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, რომ ყოველთვის, როცა შენი კაბინეტის კარს შევაღებ, ისევ იქ დამხვდე — ყურებზე დიდი ყურსასმენებით…“
