9 ქართველი მეზღვაური ტყვეობაში რჩება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნიგერიის ეკონომიკურ ზონაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს, მეკობრეები თავს 30 აპრილს დაესხნენ. გატაცებული 10 მეზღვაურიდან 9 საქართველოს მოქალაქეა.
გემზე დარჩენილ 4 მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ.
პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჯერჯერობით უცნობია როდის გაათავისუფლებენ გატაცებულ ქართველ მეზღვაურებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დიპლომატიურ უწყებებთან ერთად მეზღვაურების გამოსახსნელად ინტენსიურად მუშაობს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ იოსელიანის განცხადებით, გემთმფლობელმა კომპანიამ უკვე დაიქირავა კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელიც მეზღვაურების გათავისუფლებაზე მუშაობს.
რაც შეეხება ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს, გემზე დარჩენილი ოთხი ქართველი მეზღვაური უკვე უსაფრთხო ადგილზეა, ისინი დღეს ტოგოს ნავსადგურში ლომეში შევლენ, რის შემდეგაც მათი საქართველოში დაბრუნების პროცედურა დაიწყება.
