რა უნდა ქნას მშობელმა იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თავისი შვილის წარმატებას? პოპულარული გამოცემა ,,ბიზნესინსაიდერი” აქვეყნებს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების შედეგებს, მკვლევარების, ექიმებისა და ფსიქოლოგების რჩევებს აღნიშნულის შესახებ.
მაშ ასე: 9 ნაბიჯი რომელიც უნდა გადადგათ იმისათვის, რათა თქვენი შვილი წარმატებული იყოს…
1. ნუ ეტყვით, რომ შეუძლიათ ნებისმიერი პროფესია აირჩიონ
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ მათი მისაღები იქნება, ბავშვობაში ადამიანებს ძირითადად მუსიკოსობა, სპორტსმენობა ან ვიდეოთამაშების დიზაინერობა უნდათ. ამერიკაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 400-ზე მეტი თინეიჯერი მონაწილეობდა, მოზარდები ნაკლებ ინტერესს იჩენენ ე.წ. მომავლის პროფესიების და ისეთი სპეციალობების მიმართ, რომელთა დაუფლებასაც წლები სჭირდება. მეცნიერების აზრით სულაც არ იქნება ცუდი, თუკი მშობელი შვილს უბიძგებს დაეუფლოს მომავლის პროფესიას, რომლის წარმომადგენლებზეც მოთხოვნილება მომავალში დიდი იქნება.
2. ისადილეთ ერთად
ეს ეხმარება ბავშვებს ფიზიკურადაც და ემოციონალურადაც. ჰარვარდის უნივერსიტეტთან არსებული კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, მათ მიერ გამოკვლეულ მოზარდებში, რომლებიც კვირაში 5-ჯერ მაინც სადილობენ ოჯახთან ერთად, საგრძნობლად დაბალია დეპრესიისაკენ მიდრეკილების და აგრესიის მაჩვენებლები. გარდა ამისა, ეს ბავშვები სხვებთან შედარებით მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან.
3. მოაშორეთ ბავშვები ეკრანებს
მანქანა, სასადილო მაგიდა და საძინებელი ოთახი – იქ ყოფნისას ბავშვები გაჯეტებს არ უნდა გავაკაროთ. სმარტფონებისა და პლანშეტების მოხმარება ცუდად აისახება ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაზე. განსაკუთრებით მცირე ასაკში, როდესაც ხდება სამეტყველო სისტემის და სოციალური უნარების ჩამოყალიბება. ამერიკის პედიატრთა ასოციაციის დასკვნით, 18 თვემდე ასაკის ბავშვებს საერთოდ არანაირი შეხება არ უნდა ჰქონდეთ ელექტრონულ მოწყობილობებთან. ორიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს დღე-ღამის განმავლობაში მაქსიმუმ ერთი საათის გატარება შეუძლიათ ეკრანთან. ასაკის მიუხედავად, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ საწოლ ოთახში, მანქანაში და სასადილო მაგიდასთან გაჯეტების გამოყენება ნებადართული არცერთი ასაკის ბავშვებისათვის არაა რეკომენდირებული.
4. მიეცით მას წარმატების მაგალითი
მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი ძალიან კარგია, როცა დედა სახლშია და ოჯახისათვის მეტი დრო რჩება, კვლევების თანახმად ის გოგონები, რომელთა დედებიც სახლის გარეთ შრომობდნენ, მომავალში უდიდესი ალბათობით თავადაც საქმდებოდნენ. ბავშვებისთვის დედა, რომელიც მუშაობს, ერთგვარი სტიმულია გაიკეთონ კარიერა, დაიკავონ ხელმღვანელი პოსტები და მიიღონ კარგი შემოსავალი.
5. დაასაქმეთ შვილები
მიეცით მათ მარტივი დავალებები და მუშაობის საშუალება. შრომა აკეთილშობილებს. კვლევების თანახმად იმ ადამიანების უმეტესობა, რომელმაც კარიერულ წარმატებას მიაღწია, ბავშვობაში მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა.
6. ასწავლეთ ბავშვებს მოთმინება
1972 წელს მკვლევარებმა ე.წ. „მარშმელოუს ექსპერიმენტი ჩაატარეს. ისინი ბავშვებს ერთ ცალ მარშმელოუს აძლევდნენ და პირდებოდნენ მეორეს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მათ დაბრუნებამდე ტკბილეულს არ შეჭამდა, შემდეგ კი ოთახიდან გადიოდნენ. მომდევნო კვლევებმა, რომლებიც ამავე ადამიანებზე ჩატარდა დაადგინა, რომ იმ ბავშვებმა, რომლებმაც შეძლეს მოთმინებით დალოდებოდნენ მკვლევარების დაბრუნებას, უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს სხვებთან შედარებით. მათ გამოუმუშავდათ მოთმინების უნარი და სტრესთან გამკლავებასაც უკეთ ახერხებდნენ.
მკვლევარები გვირჩევენ ვასწავლოთ შვილებს მოთმინება და ჩამოვუყალიბოთ შესაბამისი ჩვევები. მოვუწოდოთ მათ ისეთი რაღაცების გაკეთებისკენ, რაც შეიძლება დაეზაროთ, მაგრამ აუცილებელია.
7. წაუკითხეთ მათ წიგნები
ნიუ იორკის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ის ბავშვები, ვისაც მშობლები სხვადასხვა სახის წიგნებს ბავშვობიდანვე უკითხავდნენ, მომავალში თავადაც დიდი ინტერესით კითხულობენ მხატვრულ და პროფესიულ ლიტერატურას. გარდა ამისა, იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ადრეული ასაკიდანვე უკითხავდნენ წიგნებს, თავის სხვა თანატოლებთან შედარებით უკეთესი აკადემიური მოსწრება და უკეთ განვითარებული წერით-მეტყველებითი უნარები და ფართო ლექსიკური მარაგი აქვთ.
8. შეაყვარეთ ბავშვებს მოგზაურობა
ახალი ადგილების მონახულება, ახალი ხალხი და შთაბეჭდილებები საუკეთესო საშუალებაა ბავშვის წარმოსახვისა და გონების განსავითარებლად. გარდა ამისა, ბავშვს უცხო ქვეყნებში მოგზაურობის და უცხო კულტურებთან კონტაქტის დროს უყალიბდება ტოლერანტობა სხვა ხალხების და კულტურების მიმართ, უჩნდება უფრო მეტის სწავლის და აღმოჩენის სურვილი, ხდება უფრო დამოუკიდებელი და კომუნიკაბელური. მეცნიერებმა დაადგინეს საკუთარი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებების დიდი მნიშვნელობაც ბავშვის გონებრივ და ფსიქოლოგიური განვითარებაზე.
9. მიეცით შვილებს შეცდომის დაშვების უფლება
შეცდომებს ყველა უშვებს და ბავშვი ამას ტრაგედიად არ უნდა აღიქვამდეს. ნუ გაკიცხავთ და მკაცრად ნუ დასჯით. მიეცით შვილებს უფლება შეცდნენ და შემდეგ საკუთარი შეცდომები გამოასწორონ. ბავშვებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, რომ ყველა შეცდომებზე სწავლობს და მათი გამოსწორება შესაძლებელია. შეცდომის დაშვება ბავშვს აუცილებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას აძლევს. მთავარია მან იცოდეს, რომ შეუძლია კიდევ სცადოს და ამჯერად უკეთ გამოუვა.