რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი სტუმრობდა, რომელმაც 9 ნოემბერს დაგეგმილ საიუბილეო შემოქმედებით საღამოზე ისაუბრა.
ბატონო ოთარ, 9 ნოემბერს, 19:00 საათზე, „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში“ გაიმართება თქვენი საიუბილეო შემოქმედებითი საღამო, მოგვიყევით აღნიშნულ ღონისძიებაზე.
9-ში ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის, რადგან ეს ყოველ დღე არ ხდება ცხოვრებაში. იქნება ჩემი სიმფონიური მუსიკის კონცერტი. ჩამოდიან უცხოელი შემსრულებლები, რომელთაც ძალიან მოიწონეს ჩემი ნაწარმოებები, იგივე სავიოლონო კონცერტი. გერმანიიდან ჩამოდის უკრაინული წარმოშობის ჩელისტი, ალექსანდრ პირიევი. ჩელოს კონცერტის პრემიერა იქნება, სავიოლონო უკვე შესრულებულა, თუმცა მას ამჯერად ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ყაზახეთიდან – აიდა აიუპოვა ასრულებს.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ახლავს ღელვა, ნერვიულობა. იმედი მაქვს, 9-ში ყველაფერი ისე გაიჟღერებს, როგორც ნაწარმოებს შეშვენის.
რამდენი ნაწილისგან შედგება საღამო და ვინ მიიღებს კონცერტში მონაწილეობას?
საღამო არის ორ განყოფილებად, საკმაოდ დიდი პროგრამაა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ასეთი მომენტები ყოველ დღე არ ხდება და ამიტომ, 4 მსხვილი ნაწარმოების გატანა გადავწყვიტე. პირველი ნაწილი გახლავთ სავიოლინო კონცერტი სიმებიანი ორკესტრისთვის და სოლისტისთვის. მეორე ნაწილი იქნება, ერთ ნაწილიანი საფორტეპიანო კონცერტი და მას შესანიშნავი პიანისტი, თათა ლიჩელი შეასრულებს. მეორე განყოფილებაში შედგება ჩელოს კონცერტის პრემიერა, რომელზეც განსაკუთრებულად ვღელავ, რადგან დანარჩენი ნაწარმოებები ასე თუ ისე აპრობირებულია სხვა კონცერტებზე. ჩელოს კონცერტი, როგორც გითხარით, პირველად სრულდება და საკმაოდ რთულია, ვიტყოდი, რომ სიმფონია კონცერტია, რადგან საკმაოდ დატვირთული საორკესტრო პარტიებია. საღამო დაგვირგვინდება ჩემი პირველი სიმფონიით, რომელიც 2012 წელს წარმატებით შესრულდა და რომელსაც ასეთი დევიზი აქვს – „გახსოვდეს სამშობლო“. აღნიშნული სიმფონიის პირველი ნაწილი არის ძალიან ტრაგიკული, მძიმე, მეორე ნაწილში არის სასოწარკვეთა და მესამე ნაწილში ჩნდება ერთგვარი ოპტიმიზმი და გამარჯვების თემა.
კონცერტში მონაწილეობას იღებენ: თათა ლიჩელი, აიდა აიუპოვა, ალექსანდრ პირიევი, „ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი“, შესანიშნავი დირიჟორი – დავით მუქერია.
ჩემთვის დიდი პატივია, რადგან ოპერა ეს არის ჩვენი ტაძარი, ხელოვნების დიდი ისტორიით.
ვინც მართლა მაფასებს და უყვარს ჩემი შემოქმედება, გამიხარდება, თუ მოვლენ და გაიზიარებენ ჩემს სიხარულს.

ორჯერ გაქვთ დასრულებული კონსერვატორია, მოგვიყევით ეს ისტორია.
ჯერ, ვიყავი პიანისტი, საკმაოდ კარგი, რომ ჩავაბარე, პროფესორმა თქვა, ასე არ ამთავრებენ კონსერვატორიასო. ბევრი ნიჭი მქონდა, ვხატავდი, ვმღეროდი, ლექსებს ვწერდი, ეს ერთგვარი ბედნიერებაც არის და უბედურება იმ მხრივ, რომ შენს დროს და სურვილებს ანაწევრებ.
ვიყავი ვოკალისტების კონცერტმეისტერი და მოვლილი მაქვს ყველაფერი, სად არ ვიყავი…
ყოველთვის რაღაცას ვწერდი, ვქმნიდი. დედაჩემი ძალიან ძლიერი ქალი იყო, დიდი გავლენა ჰქონდა ჩემს ჩამოყალიბებაში და მთხოვდა, ძალიან მინდა, რომ საკომპოზიტოროზე ჩააბაროო. აღარ მინდოდა ამდენი სწავლა, მაგრამ ჩავაბარე და არ ვინანე. სულ მხარში მიდგას ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლე, რომელმაც ასე ვთქვათ, დედის როლი შეცვალა და ისიც ახლა ყველაფერს აკონტროლებს, უნდა, რომ ყველაფერი მაღალ დონეზე იყოს. რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, როცა ისეთი ადამიანები გყავს გვერდში, ვინც შენს საქმეში ჩართულია და მხარს გიჭერს.
ახალგაზრდობის პერიოდში, ვისი რჩევა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
მყავდა შესანიშნავი პედაგოგები, ფორტეპიანოზე მყავდა ლეგენდარული პედაგოგი, ქსენია ჯიქია. მეორე ფაკულტეტზეც, ასევე, ბუმბერაზი პედაგოგები მყავდა, გუგული თორაძე, ოთარ თაქთაქიშვილი, რომლებიც ძალიან მიყვარდა და დღემდე მახსოვს მათი დარიგება, მათთან ურთიერთობა, ეს დიდი ბედნიერება იყო.
რა თქმა უნდა, ვუჯერებდი დედასაც, სხვებსაც და რასაც ვთვლიდი, რომ სწორად მიმითითებდნენ, იმას ვიღებდი და რასაც არა, შეიძლებოდა, რომ სიჯიუტე გამომეხატა.

თქვენი შემოქმედებიდან ერთი კონკრეტული ნამუშევრის ისტორია რომ მოგვიყვეთ…
მაგალითად, „თბილისო გეფერები“, რომლის ჯერ მხოლოდ თემა მქონდა, ტექსტიც არ მქონდა და ნოდიკოს ძალიან მოეწონა. შემდეგ, ნანა ცინცაძემ დაწერა შესანიშნავი ლექსი. ეს სიმღერა, მგონი, განსაკუთრებით აქტუალურია ნოდიკოსთვის, რადგან ენატრება თბილისი.
ყოფილა სიმღერის შექმნის მისტიური ისტორიებიც.
9 აპრილზე მაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი სიმღერა. იცით როგორ იყო?! სიმღერის ნაწილი, სტროფი იყო დაწერილი და რაღაცა ვერ ვაგრძელებდი, არ მომწონდა, რაღაცას ველოდებოდი. მერე, 9 აპრილის საშინელი ამბები რომ მოხდა, რა თქმა უნდა, ერთი თვე არაფერს გავკარებივართ, არც მუსიკა გვინდოდა და არაფერი, ყველა ისეთ შოკში ვიყავით, მაგრამ მერე, პირველი რაც დავუკარი, ეს თემა იყო, დავიწყე და ბოლომდე ჩავედი ბუნებრივად. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ეს სიმღერა თავის დროს ელოდებოდა, ამ შემთხვევაში ცუდ დროს, მაგრამ ასე დასრულდა.
„ჩამავალი მზე“ მაქვს ძალიან საინტერესო სიმღერა. დავწერე მუსიკა. მეც ვწერ ლექსებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, დაწერა არ მინდოდა, კლასიკოსები მინდოდა. გალაკტიონისკენ გამიწია გულმა, თუმცა უკვე გამზადებულ სიმღერაში ძნელია ტექსტის ჩასმა. გადავფურცლე წიგნი, ვკითხულობ, ვკითხულობ და შემხვდა მისი გენიალური ლექსი „ჩამავალ მზეს“ . ისე არის ტექსტი ამ მუსიკაში ჩამჯდარი, რომ მაია ჯაბუამ მითხრა, ვერასდროს ვერ დამაჯერებ, რომ ეს ლექსი უკვე დაწერილ მუსიკას მოარგეო.
რაც შეეხება ხატვას, უახლოეს მომავალში, გამოფენას ხომ არ გეგმავთ?
შევეცდები, ძალიან ბევრი მთხოვს. ერთი გამოფენა უკვე მქონდა. ბევრი გეგმა მაქვს.