2023 წლის მარტის აქციებზე, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისისთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯას, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა
„9 წელიო, 9 წელი მიუსაჯეს ლაზარეს და ნეტავ მარტო მე ვხედავ ცინიზმს ამ ციფრში?!
უსამართლობა არასოდეს მთავრდება ასე!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
9 წელიო, 9 წელი მიუსაჯეს ლაზარეს და ნეტავ მარტო მე ვხედავ ცინიმს ამ ციფრში?! უსამართლობა არასოდეს მთავრდება ასე!
Posted by Nanuka Zhorzholiani on ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2024
ცნობისათვის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე საბოლოო განაჩენი ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად შარაძემ გამოაცხადა. მან ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარგენილ ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო.
განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა ლაზარე გრიგორიადისიც.
ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედებოდა ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა.
ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.