“დღესაც, ახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია.” – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში და დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავს ეხმიანება.
ირაკლი ღარიბაშივილი საზოგადოებას მიმართავს და ქვეყანას გამთლიანებას, მშვიდობასა და განვითარებას უსურვებს:
“დღეს ჩვენი ისტორიის უდიდეს თარიღს აღვნიშნავთ.
900 წლის წინ ქართველობამ დიდი დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო-სტრატეგიული წარმატების მაგალითი შექმნა.
ჩვენი ხალხისთვის დიდგორის „ძლევაი საკვირველი“ თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, სამშობლოსთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
დღესაც, ახალი გამოწვევების პირისპირ, სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია.
გილოცავთ ამ დღეს და გამთლიანებას, მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას.” – წერს პრემიერი “ფეისბუქში”.
დღეს დიდგორის ბრძოლიდან 900 წელი შესრულდა.
1121 წლის 12 აგვისტოს ბრძოლა, რომლის შედეგსაც ისტორია “ძლევაი საკვირველს” უწოდებს, დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე გაიმართა.
დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით დაჯილდოვდებიან.