99 წლის მსახიობი ნინო ჩხეიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ გაავრცელა. მან დაწერა:
„როგორ მინდოდა, რომ 100 წლის გამხდარიყო 🙁 99 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩემი დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ნინიკო ჩხეიძე. საქართველოს სახალხო არტისტი. დიდი უშანგი ჩხეიძის და. ყველაზე თბილი და ტკბილი ნინიკო!!!“
ნინო ჩხეიძე მარჯანიშვილის თეატრში 46 წლის განმავლობაში თამაშობდა. მან 150-მდე როლი შეასრულა.
ის ცნობილი იყო, როგორც სახასიათო როლების შესანიშნავი შემსრულებელი. მათ შორის აღსანიშნავია თინათინი (შ. დადიანის “ნინოშვილის გურია”), ეკა (დ. კლდიაშვილის “ირინეს ბედნიერება”), ლამაზისეული და მკითხავი (ი. ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანი?!”), ძიძა (უ. შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”)…
გადაღებულია ფილმებში: “მაგდანას ლურჯა”, “კარდაკარ”, “მიხა”, “ერთი ცის ქვეშ”, “მე ვხედავ მზეს”, “ხათაბალა”, “დათა თუთაშხია” და სხვა; დაწერა წიგნი თავის ძმაზე – “უშანგი” (1998).
მაყურებელს ნინო ჩხეიძე განსაკუთრებულად დაამახსოვრდა სპექტაკლში „ეზოში ავი ძაღლია“ და გოდერძი ჩოხელის ფილმიდან „ადამიანთა სევდა“.