LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, რომელსაც მეუღლის მკვლელობისთვის ასამართლებენ – რა ხდება ცნობილი ხმაურიანი საქმის დეტალებზე

1182
სალტანატ ნუკენოვა

ყაზახეთში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კუანდიკ ბიშიმბაევის ხმაურიან საქმის განხილვა დაიწყო, რომელსაც ცოლის, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა ედება ბრალად. ექს-მინისტრის დაკავების შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის 9 ნოემბერს გახდა ცნობილი, მედიისთვის კი დიდი ხნის მანძილზე, ბიშიმბავევის საქმის ყველა დეტალი გასაიდუმლოებული იყო. ამ წლის 22 თებერვალს გარდაცვლილის ძმამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი სალტანატ ნუკენოვას გარდაცვალების მიზეზები და ასე გახდა ცნობილი ყველასთვის, რომ ახალგაზრდა ქალი განსაკუთრებული სისასტიკით იყო მოკლული.  

სალტანატ ნუკენოვა

ცნობილია, რომ მკვლელობა მოხდა ბიშიმბაევის ოჯახის კუთვნილ სასტუმროში, რომელიც ასტანას ცენტრში მდებარეობს. ამ დროისთვის სათვალთვალო კამერების უდიდესი ნაწილი წაშლილია და მოვლენების სრული სიზუსტით აღდგენა რთულია, თუმცა არსებობს კადრები, სადაც ჩანს, როგორ იწყება მეუღლეებს შორის დავა, როგორ შეჰყავს ბიშიმბაევს მეუღლე ვიპ-ოთახში, სასტიკად უსწორდება მას და თმებზე მოქაჩვით გადაჰყავს ერთი ოთახიდან მეორეში. კადრები გამაოგნებელია და სწორედ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, საქმე იმდენად რეზონანსული გახდა, რომ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, სხდომები მედიისთვის ღია ყოფილიყო და საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ.

დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო მიკერძოებულია და ყოფილი ჩინოვნიკის ინტერესებისკენ იხრება, თუმცა მოსამართლემ უარი განაცხადა ბრალდებულის დაცვის მხარის მოთხოვნაზე, საქმე გაუფრთხილებლობის მუხლით დაეწყოთ. შესაბამისად, ბიშიმბაევს განზრახ ჩადენილი სასტიკი მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ. გარდაცვლილის მხარეს პროკურატურა და მოკლული ქალის ძმა წარმოადგენენ.

კუანდიკ ბიშიმბაევი სასამართლო პროცესზე

სასამართლოში უკვე გამოიკითხა თავად ბრალდებული, რომლის ჩვენებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ბიშიმბაევი მომხდარს მსხვერპლს აბრალებს და ჰყვება, როგორი ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა მის მეუღლეს. სხეულის ენის ექსპერტები ამბობენ, რომ ბიშიმბაევი, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, კარგად ფლობს ჟესტების ენას. ის მშვიდი ტონით საუბრობს, ხშირად იყენებს ისეთ მანევრებს, რომ მისი მონაყოლი მაქსიმალურად დამაჯერებელი გახდეს. ამის მიუხედავად, საზოგადოება ბრალდებულის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს, დიდი აგრესიაა ბიშიმბაევის ადვოკატების მიმართაც. ყოფილ მინისტრს სასამართლოში ქვეყნის ექვსი საუკეთესო ადვოკატი იცავს. 

სალტანატ ნუკენოვა ქორწილის დღეს

ირკვევა, რომ 2022 წელს დაქორწინებული წყვილის ცხოვრებაში ერთი წელი გაუსაძლისი იყო, ბიშიმბაევი გამუდმებით სცემდა და ამცირებდა თავის მეუღლეს, რომელიც ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე იყო მისული. დროდადრო სალტანატი ამის შესახებ მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც უყვებოდა, თუმცა, ახლობლების რჩევების მიუხედავად, ის მოძალადე ქმრის დატოვებას არ ჩქარობდა.

სასამართლო დარბაზში გარდაცვლილის ძმამ ექსპერტიზის ფოტოებიც წარადგინა, სადაც ჩანს, როგორ იყო ნაცემი სალტანატ ნუკენოვა, ასევე გასაჯაროვდა მიმოწერები, სადაც გარდაცვლილი ძმასთან გაუსაძლის ყოფაზე საუბრობდა.

განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ექიმის ჩვენება, რომელმაც დეტალურად აღწერა სალტანატისთვის მიყენებული ტრავმების შესახებ და დასძინა, რომ ის ცემიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, უგონოდ იყო…

ირკვევა, რომ ბიშიმბაევმა სასტიკად ნაცემი ცოლი სასტუმროს ვიპ-ოთახში მარტო დატოვა, თავად შეხვედრებზე წავიდა და მხოლოდ გვიან დაბრუნდა, როცა ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო. 

ბიშიმბაევმა ჩვენებაში ვერ ახსნა, რატომა არ გამოიძახა სასწრაფო, სამაგიეროდ მოჰყვა, როგორ დაურეკა მკითხავს, რომელმაც მას დამშვიდება ურჩია.

სალტანატ ნუკენოვას ფოტო სასამართლოდან

საინტერესოა, რომ კუანდიკ ბიშიმბაევი ეკონომიკის მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2018 წლის მარტში ის კორუფციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა საპყრობილე ერთ წელიწადში დატოვა. ბიშიმბაევი მეორედ იყო დაქორწინებული, პირველი ქორწინებიდან მას ოთხი შვილი ჰყავს. რაც ეხება სალტანატ ნუკენოვას, ის ასტროლოგიით იყო გატაცებული, თუმცა ქორწინების შემდეგ, პროფესიით აღარ უმუშავია.  

სალტანატ ნუკენოვა და კუანდიკ ბიშიმბაევი

სალტანატ ნუკენოვას ოჯახი სასამართლოზე

ყაზახეთის პროკურატურის წარმომადგენლები სასამართლოზე

სალტანატ ნუკენოვა დედასთან ერთად

სალტანატ ნუკენოვას ძმა სასამართლოზე
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g