Free+Fries+Freak – სიტყვების ეს კომბინაცია არც საბავშვო ლექსიდან ამონარიდია და არც ზღაპრის რომელიმე პერსონაჟის ჯადოსნური ძალის მქონე შელოცვა, თუმცა სიტყვების ამ კომბინაციის ასავალ-დასავალი ყველაზე უკეთ მსუნაგებს მოეხსენებათ. Frixx კარტოფილის ჩიფსია და ის დამზადებულია საქართველოში.
ირაკლი ქურდაძე, „ფრიქსის“ კომერციული დირექტორი:
– „ფრიქსი“ ერთადერთი საწარმოა საქართველოსა და ამიერკავკასიაში, რომელიც კარტოფილის ჩიფსს აწარმოებს. ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ჟან-ფრედერიკ პაულსენი გახლავთ. მისი მხრიდან საკმაოდ ამბიციური გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველოში ისეთი საწარმო აემუშავებინა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ბევრი გამოწვევის დაძლევის შემდეგ, სწორედ მისი თაოსნობით, 2015 წლიდან, საქართველოში ჩიფსის წარმოება დაიწყო.
ჩვენი პროდუქტი 100%-ით ქართული ნედლეულითაა დამზადებული – ჩვენ საკუთარი საკარტოფილე მეურნეობები გვაქვს, სადაც კარტოფილის საჩიფსე ჯიშები მოგვყავს. გარდა ამისა, მხოლოდ ნატურალურ მზესუმზირის ზეთს ვიყენებთ. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენს წარმოებაში არ ვიყენებთ ქიმიურ დანამატებს და პროდუქტის შენახვის ვადა, მაქსიმუმ, 6 თვეა. სწორედ ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ „ფრიქსის“ ჩიფსს ბუნებრივი გემო აქვს.
– რა განასხვავებს საჩიფსე კარტოფილს ჩვეულებრივისგან?
– საჩიფსე კარტოფილი, განსხვავებით სასურსათო კარტოფილისგან, უმაღლესი ხარისხისაა და გამოირჩევა მაღალი მშრალი მასითა და დაბალი შაქრიანობით. იქიდან გამომდინარე, რომ მისი წარმოების გამოცდილება საქართველოში აქამდე არ ყოფილა, ჩვენ კარტოფილის საჩიფსე ჯიშების ევროპიდან შემოტანა, ჩვენს მეურნეობაში დანერგვა და შემდეგ უკვე ჩვენს კონტრაქტორ ფერმერებთან მათი გავრცელება მოგვიწია. ფაქტობრივად, ეს ჯიშები საქართველოში ჩვენი შემოტანილი და დამკვიდრებულია. ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას, ბაზარში ნაყიდი კარტოფილის ტაფაზე შეწვისას, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი კარგად, ოქროსფრად დაბრაწულა, ზოგი კი გაშავებულა. აი, სწორედ ის კარტოფილი, რომელიც შავდება და კარგად არ იბრაწება არის სასურსათე, ანუ მას შაქრის და წყლის მაღალი შემცველობა აქვს. ასეთი ჯიშები გამოიყენება უფრო მოსახარშად, პიურეებისთვის და ა.შ. ხოლო საჩიფსე ჯიშები ოქროსფრად დაბალშაქრიანობისა და მაღალი მშრალი მასის წყალობით იბრაწება.
– როგორ უნდა გაარჩიოს რიგითმა მომხმარებელმა ერთმანეთისგან საჩიფსე და სასურსათე კარტოფილი?
– დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 5 წელიწადში მივაღწევთ იმ დონეს, რომ კარტოფილის მარკირება აუცილებელი გახდება. ევროპაში უკვე ასეა და ჩვენც თუ ევროკავშირისკენ მივისწრაფვით, აუცილებლად დადგება ის საჭიროება, რომ მომხმარებელს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია კარტოფილის შესახებ – თუ რა ჯიშია, სადაა მოყვანილი და ა.შ.
– „ფრიქსის“ ასორტიმენტეზეც გვიამბეთ. გემოებს შორის რომელია ყველაზე პოპულარული?
– ჩვენ გვაქვს ორი ისეთი უნიკალური გემო, რომლებიც სხვა ქვეყნების მწარმოებლებს არ გააჩნიათ, ესენია აჯიკის და ტარხუნის. სწორედ აჯიკის გემოს მქონე ჩიფსი სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარულობით ჩვენს მომხმარებელში. ასევე ვაწარმოებთ ბარბექიუს, ყველის გემოს ჩიფსს, კლასიკს თავისთავად. ცოტა ხნის წინ კი მწვადის არომატის მქონე ჩიფსიც დავამატეთ, რომელიც უფრო და უფრო იკრებს პოპულარობას. გემოების განვითარებას, ცხადია, გავაგრძელებთ, თუმცა არსებობს გარკვეული შემზღუდველი ფაქტორები, მაგალითად, ზოგჯერ სავაჭრო ობიექტებში ვერ ხერხდება სრული ასორტიმენტის გაშლა, რადგან საკმაოდ მაღალია კონკურენცია, უცხოური ბრენდები დიდ ფულს ხარჯავენ პოზიციების შენარჩუნებაში, დახლების მოპოვებაში და ა.შ. ამის მიუხედავად, „ფრიქსი“ სავაჭრო ობიექტების, დაახლოებით, 85%-შია წარმოდგენილი, როგორც უბნის მაღაზიებში, ასევე ქსელურ სუპერმარკეტებში (ერთი-ორის გარდა). მართალია, კარტოფილის ჩიფსზე 100%-ით ჯანსაღი პროდუქტი არ ითქმის, მაგრამ თუ მომხმარებელს არჩევანი აქვს გასაკეთებელი, „ფრიქსს“ ვურჩევდი – არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართულია, „ფრიქსი“ ნამდვილად მაღალი ხარისხის პროდუქტია.