LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო სალტანატი, რომლის სასტიკი მკვლელობის საქმეს მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს – პირველად სასამართლოს წინაშე ბრალდებულის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები წარადგინეს

1947
სალტანატ ნუკენოვა

ყაზახეთში ყველა დროს ყველაზე ხმაურიანი საქმის, სალტანატ ნუკენოვას სასტიკი მკვლელობის საქმის მოსმენა გრძელდება. ბრალდებული, გარდაცვლილის მეუღლე, ყაზახეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, კუანდიკ ბიშიმბაევია, რომელიც ბრალს უარყოფს, თუმცა ყველა მტკიცებულება, საწინააღმდეგოზე მიუთითებს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს. ამ ეტაპზე მტკიცებულების გამოკვლევის პროცესი მიმდინარეობს, საიდანაც საქმის გამაოგნებელი დეტალები ხდება ცნობილი.

გუშინ ბიშიმბაევის სასამართლო პროცესებიდან, ყველაზე მძიმე დღე აღმოჩნდა, რადგან პირველად სასამართლოს წინაშე წარადგინეს ბრალდებულის მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.  სულ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო 12 ვიდეო-ფირი, რომელიც ბრალდებულმა ბიშიმბაევმა თავად გადაიღო. კადრებიდან ჩანს, როგორ უსწორდება ის ნაცემ ნუკენოვას, როგორც ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს მას.

კადრების ნახვის დროს მოსამართლემ ემოციების შეკავება ვერ შეძლო, იტირა ბრალდების მხარემაც. ცნობილია, რომ  ნაფიც მსაჯულთაგან ერთ-ერთი, ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

სალტანატ ნუკენოვა 1992 წელს, ყაზახეთში დაიბადა. მამა წარმატებული ბიზნესმენი გახლდათ, ბიძა კი, პოლიტიკოსი. როგორც მეგობრები ჰყვებიან, სალტანატი ბედნიერი და მხიარული გოგონა იყო, რომელიც მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა. ოჯახმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გოგონას განათლება ბრიტანეთში მიეღო, ხოლო სალტანატის ძმას, ამერიკაში. ნუკენოვა ბოლო დროს გატაცებული იყო ასტროლოგიით. სალტანატმა მომავალი მეუღლე, კუანდიკ ბიშიმბაევი ინტერნეტით გაიცნო. თავდაპირველად ნუკენოვა უარს ამბობდა ყოფილ მინისტრთან ურთიერთობაზე, რადგან ბიშიმბაევი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული და მას 4 შვილი ჰყავდა, ხოლო 2018 წელს ის ბრალდებული იყო კორუფციაში. 

ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, რომელსაც მეუღლის მკვლელობისთვის ასამართლებენ – რა ხდება ცნობილი ხმაურიანი საქმის დეტალებზე

ბიშიმბაევი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა სალტანატის გულის მოგებას და მალე ყველაფერი ქორწილით დასრულდა. როგორც ამბობენ, მეუღლეებს შორის პირველი კონფლიქტი ქორწილიდან რამდენიმე საათში მოხდა, ხოლო ფიზიკური ძალადობის პირველი ფაქტი, სამ თვეში დაფიქსირდა. ამის შემდეგ ნუკენოვას ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ბიშიმბაევი გამუდმებით ძალადობდა მასზე, 2023 წლის მარტში სალატანატმა ძმას ძალადობის დამადასტურებელი ფოტოებიც გადაუგზავნა. მიუხედავად ოჯახის დაჟინებული მოთხოვნისა, სალტანატმა განქორწინებაზე უარი თქვა, მას ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ბიშიმბაევის შეცვლას შეძლებდა. მეგობრები ჰყვებიან, რომ ბოლო თვეებში სალტანატი აქტიურად ეძებდა ადვოკატს, რამდენჯერმე ქმრისგან გაქცევა სცადა, მაგრამ ბიშიმბაევის მუქარისა და მანიპულაციის შემდეგ, ისევ უკან ბრუნდებოდა.

2023 წლის 4 ნოემბერს, ოჯახმა სალტანატი ბოლოჯერ ნახა. როგორ ძმა ჰყვება, ის დაჰპირდა დედ-მამას, რომ ქმარს მალე მიატოვებდა. 9 ნოემბერს სალტანატი ბიშიმბაევთან ერთად, რესტორანში იმყოფებოდა, სწორედ ამ ტრაგიკულ ღამეს მოხდა ყველაფერი, რასაც დღეს მთელი მსოფლიო, სასამართლოს მეშვეობით ადევნებს თვალს.

რესტორანში ნუკენოვაზე ფიზიკური ძალადობის, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების ფაქტებზე დღეს ასტანას სასამართლო მსჯელობს. ცნობილია, რომ სასტიკად ნაცემი სალტანატი, რამდენიმე საათის მანძილზე უგონოდ იმყოფებოდა და სიკვდილს ებრძოდა, ამ დროს კი თავად ბიშიმბაევი, საქმიან შეხვედრაზე წავიდა. პროკურატურა და ბრალდების მხარე ბიშიმბაევისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას, სამუდამო პატიმრობას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g