LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ელჩი: „საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ მოწვევაზე უარი თქვა“

187
აშშ-ის ელჩის განცხადება

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა ქვეყანა დააშორა ევროატლანტიკურ მომავალს, მიზანს, რომლის მიღწევაც ქართველების უდიდეს უმრავლესობას სურს“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც აშშ-ის ელჩის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, ხოლო ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი განაცხადა.

„სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან. ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ – ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი.

ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს“, – წერია რობინ დანიგანის განცხადებაში.

ელჩი დანიგანის განცხადება მე ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოს მთავრობის არჩევანმა…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 02 მაისი, 2024

აშშ-ის საელჩო: „შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს – საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g