“ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს აწერს 104 ქართული ორგანიზაცია.
განცხადების თანახმად, ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის ამოქმედება ჩვენს საზოგადოებას მოუტანს.
“თვეზე მეტია, ქართველი ხალხი რუსული კანონით პუტინის წესების დამკვიდრებას ეწინააღმდეგება. 11 მაისის უპრეცედენტოდ მრავალრიცხოვანმა აქციამ ნათლად აჩვენა, რომ ქართველი ხალხი იაზრებს ამ კანონის მზაკვრულ მიზნებს, არ ეპუება ხელისუფლების მცდელობას, დააშინოს მოსახლეობა და ურყევად იცავს ქვეყნის დასავლურ კურსს. შეისმინეთ ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოების ხმა. ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“, – ნათქვამია განცხადებაში.