ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ეპისკოპოსის ვრცელი წერილი, რომელიც ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის გვერდზე გავრცელდა, გუშინ, 15 მაისსა გამოქვეყნებული:
„მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: „სამყაროს ვექტორი სამართლიანობისკენ არის მიდრეკილი”, რაც იმასა ნიშნავს, რომ ადამიანი სამართლიანობას ესწრაფვის თუ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად.
იმისათვის, რომ ამ სწრაფვამ ხორცი შეისხას, სამართლიანობის შენებაში უკლებლივ ყველა თაობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამის გარეშე არ არსებობს არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც მრავალფეროვნების დაფასება, არც ძმობა და არც ერთობა.
ის, რაც ახლა ჩვენს საქართველოს დედაქალაქსა და ჩვენს ქვეყანაში ხდება, დიახაც რომ ბრძოლაა სამართლიანობისათვის. ყველაზე საუკეთესო რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, როგორც ქვეყანას, კულტურას, ადამიანთა ერთობას, ეს არის თავისუფლებაში გაზრდილი ახალგაზრდობა, რომელიც სრულად არის ჩაბმული სამართლიანობის შენებაში.
მათი უძლეველი იარაღია გულწრფელობა, სიალალე და სიყვარული. თითოეულ მათგანს ყველანი თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.
ჰოდა, ამიტომ უსამართლობაზე კიდევ უფრო დიდი უსამართლობაა ჩვენი ახალგაზრდობის დემონიზება, დაჩაგვრისა და გაშავების მცდელობა. გარდა ამისა, უსამართლობაა მათი ხმების შეუსმენლობა და მათ წუხილებზე ყურის მოყრუება და თვალების დახუჭვა.
„ვაჟა-ფშაველას სიტყვებია: „არ დაეკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა; ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი.“ – წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი
ასევე, უსამართლობაა, როცა დიდსა და პატარას ნაცარს გვაყრიან თვალში და უტიფრად გვარწმუნებენ, რომ შავი თეთრია და თეთრი – შავი. როგორც ამას ძველები იტყოდნენ, მაწონი შავია და კამეჩი – თეთრი.
უსამართლობაა, როცა სამშობლოს სამსახურში დამაშვრალსა და სამშობლოს საზღვრების ჯიუტად დამცველ ადამიანის ცემა-ტყეპით უსწორდებიან თავისიანები და თავ-პირს უერთიანებენ.
უსამართლობაა, როცა ახალგაზრდას უსაფუძვლოდ ციხეს ახეხინებ და რამდენიმე დღეში თავისუფლებაზე გამოსულს, დასტაცებ ხელს და დაიჭერ. რისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის?
უსამართლობაა, როცა აკეთებ იმას, რაც მოყვარეს გულსა სტკენს და შენს მტერს ახარებს. რატომ?
უსამართლობაა, როცა ქალებს, დედებს თმებით ათრევინებ ქუჩაში იმათ, ვისაც ამავე ქალების დასაცავად, ამ ქალების ჯიბიდან ამოღებული ფულით უხდი ჯამაგირს. ეს რა სიშლეგეა?
უსამართლობაა, როდესაც შენი ხალხის მრავალსაუკუნოვან და სანუკვარი ოცნების აღსრულებას, იყოს თავისუფალი, გალაღებული, დემოკრატიული, თანასწორი – გველეშაპივით წინ ეღობები. რატომ გინდა შენი შვილების მომავალს ძირი გამოუთხარო? რატომ?
უსამართლობაა, როცა თავისუფლებაზე შეყვარებულ გოგო-ბიჭებს, იმის მაგივრად რომ მადლობას უხდიდე და გულში იკრავდე, ხელკეტებით დასდევ, ტყვიებს უშენ და წიწაკის სპრეით უმასპინძლდები. ოჯახში არ გაიზარდე? სიყვარული და ადამიანის თანაგრძნობა არავინ გასწავლა?
უსამართლობაა, როცა სამართლიანობის დასაცავად ხარ დადგენილი და სამართალს ამრუდებ. რატომ ვერ ჩერდები? რატომ ვერ ხედავ ზღვარს, რომელსაც არ უნდა გადახვიდე?
უსამართლობაა ისიც, როცა საკუთარ თავს არწმუნებ, რომ ეს უსამართლობა სამართლიანობაა! ცოდო ხარ, ამას რატომ უკეთებ საკუთარ თავს?
ყველამ უნდა იცოდეს, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, უმჯობესია, დაჩაგრული იყო, ვიდრე სხვასა ჩაგრავდე! სჯობია, გცემდნენ სამართლიანობისთვის, ვიდრე სცემდე უსამართლოდ.
ჯობია, ტელეფონით გემუქრებოდნენ (აზერბაიჯანული და თურქული ნომრებიდან) და სადარბაზოში გისაფრდებოდნენ, ვიდრე შენ ემუქრებოდე ვინმეს და შენ უსაფრდებოდე.
სჯობს შენს რეპუტაციას აშავებდნენ, ვიდრე შენ აშავებდე სხვის სახელს. სჯობს თავისუფლების ძახილში ყელი გქონდეს ჩახლეწილი, ვიდრე გატრუნული იყო და უყურებდე შენი შვილები და და-ძმები როგორ ჩაგრავენ შენს შვილებსა და და-ძმებს.
სჯობს, ჩაგრულის მხარეს იყო და რამე დაკარგო, ვიდრე მჩაგვრელის მხარეს იყო და ამით ხეირი ნახო. ჯობს ყინულივით ცივი ჭავლის ქვეშ იდგე და წიწაკის სპრეის სუნთქავდე, ვიდრე შენ ასხამდე სხვას წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის.
რატომ? რატომ?? რატომ?? ნუთუ ეს ძნელი გასაგებია?!
იმიტომ, რომ ღმერთი ყოველთვის ჩაგრულების მხარესაა და არა მჩაგვრელების.
ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ასე იქნება. ღმერთი იმათ მხარესაა, ვინც სამართლიანობისათვის იბრძვის უანგაროდ და არა – იმათ მხარეზე, ვინც სამართლიანობას ებრძვის ანგარების მიზნით. ღმერთი იმათ მხარეს კი არაა, ვინც ადამიანს სალოცავის კარს უკეტავს, არამედ იმათ მხარეზე, ვისაც უკეტავენ.
რაც ახლა უნდა გითხრათ, შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ამით ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვიხდი, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ასე არ არის.
ჩემი სათქმელი აი, ეს არის, სამართლიანობისათვის ბრძოლა ლოცვის გარეშე არ არსებობს. (გთხოვთ, ბოლომდე ჩაიკითხოთ ეს ტექსტი და ლოცვის რელიგიურ ალუზიას ნუ დააფრთხობინებთ თავს).
ლოცვა მარტო დაზეპირებული ლოცვების ჩამორაკრაკება არ არის და არც სალოცავებში მუხლებზე ხოხიალი. ლოცვა არის სიმართლისათვის გარჯა, წვიმასა და სიცივეში კარში ყოფნა, ლოცვა არის თანადგომისა და შერიგებისათვის ბრძოლა! ლოცვა არის ნამდვილი მშვიდობისათვის სწრაფვა!
ლოცვა არის ქუჩაში გამოსული ადამიანის გამხნევება, ჩვენ ოთხფეხა მეგობრებზე მზრუნველობა, რომლებიც რობოკოპებს უყეფენ და მომიტინგეებს ესარჩლებიან (ნეტა ამათ საიდან იციან ვის უნდა გამოესარჩლონ და ვის – არა?!)
აღდგომა ღამეს ყველანი ჩვენს ტაძრებში ვიხდიდით სააღდგომო ლიტურგიას, მაგრამ ყველაზე დიდი ლიტურგია იმ ღამეს გადაიხადეს ჩვენმა ახალგაზრდებმა, რუსთაველის გამზირზე, სადაც სამშობლოსა და სამართლიანობის სიყვარულით გაერთიანებული სრულებით განსხვავებული ადამიანები ერთად იდგნენ, ხელში სანთლები ეჭირათ და ერთად აგუგუნებდნენ საგალობლებს; სხვადასხვა ყაიდის ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები, ეზიდები… რელიგიურები, არარელიგიურები, ყველანი.
ახლა კი ნამდვილად მივადექი ჩემს მთავარ სათქმელს: ჩვენ ახლა ისე უნდა ვილოცოთ, როგორც არასდროს გვილოცია! უნდა ვილოცოთ, ვინც მლოცველები ვართ და ვინც მლოცველები არა ვართ.
ლოცვა არის სამართლიანობისთვის ბრძოლა. სამართალი პურს შეჭამს უსათუოდ. ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ასე იქნება. გამხნევდით, გამაგრდით, გაძლიერდით სამართლისა და თავისუფლების სიყვარულში. ნუ დაიღლებით იმის კეთებაში, რის გამოც სიცოცხლე ღირს და ფასი აქვს.
უსამართლობა უკვე დამარცხებულია, სამართლიანობისთვის ჩაგრული უკვე გამარჯვებულია. გებრალებოდეთ ისინი, ვინც სამართლიანობას ეწინააღმდეგებიან და გთხოვთ, მათზე გულს ნურასოდეს გაიბოროტებთ.
ისინი დაკარგული შვილები არიან, რომელნიც ზოგჯერ შინ ბრუნდებიან ხოლმე!“ – წერს მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.
➖➖➖➖➖➖➖➖➖➖ ვილოცოთ ისე, როგორც არასოდეს გვილოცია მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: "სამყაროს ვექტორი სამართლიანობისკენ არის…
Posted by Evangelical-Baptist Church of Georgia on Wednesday 15 May 2024