„სახელმწიფო ღალატის გამო, „ხარებას” და მისი ბანდფორმირებების გარეშე ვერ გადაადგილდებიან, რადგან ხალხის ეშინიათ” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სპეცრაზმისთვის ახალი სატრანსპორტო საშუალებების ყიდვასთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოში ოფიციალურად არის „სამილიციო რეჟიმი.“
„საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება და ეს ხალხი ხელისუფლებაში არ არის. ხელისუფლებაში არიან მილიციელები. დღეს ხარაზიშვილი ზვიადი არის ხელისუფლებაში, რომელთა გარეშე ვერც პარლამენტარები გადაადგილდებიან და ვერც მთავრობის წევრები, რადგან რცხვენიათ ადამიანებთან გამოჩენის. ამიტომ, დღეს საქართველოში ოფიციალურად არის სამილიციო რეჟიმი.
ძღვენს უკეთებს ხელისუფლება, რასაც დაავალებს ზვიად ხარაზიშვილი ხელისუფლებას, იმას გააკეთებს – დასჭირდა 2 მილიონი ლარი? გამოუყვეს, დასჭირდება 5 მილიონი ლარი? – კიდევ გამოყოფენ. რატომ? იმიტომ, რომ ზვიად ხარაზიშვილის და ამ ბანდფორმირებების გარეშე ვერ გადაადგილდებიან, მათ ეშინიათ ხალხთან გამოჩენის, რცხვენიათ, როდესაც სახელმწიფოს ღალატს სჩადიხარ, გიწევს რობოკოპებით, წყლის ჭავლით, სამაშველო ავტომობილებით გადაადგილდე, ლამის ტანკები გამოიყვანეს ახალგაზრდების წინააღმდეგ იმისთვის, რომ პარლამენტარები მშვიდად გამოვიდნენ პარლამენტის შენობიდან. ახლა ხელისუფლებაშია ხარაზიშვილი და 2 მილიონი რა არის?! დარწმუნებული ვარ ათობით მილიონ ლარს პრემიას ჩაურიცხავენ“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.