LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითქოს თავზე დაგვაწვა ბნელი ღრუბელი, ბოლომდე გვჯეროდა, რომ სადღაც, რაღაც სხივი გამოაღწევს ამ სიბნელეში – კარგიც მინახავს ცხოვრებაში, ცუდიც, მაგრამ ჩემი შვილებისთვის უკეთესი მინდა, ამისთვის ვიბრძვი“ – მხატვარი ირა ლავრინენკო, ქალი ცნობილი კადრიდან, განვლილ შეგრძნებებს იხსენებს

493
ირა ლავრინენკო

გუშინ, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საბოლოოდ დაამტკიცა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა კვლავ საპროტესტო აქცია გამართეს.

„ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას 9 აპრილის ქუჩაზე [ყოფილი ჩიტაძის ქუჩა] დილიდან შეკრებილ მოქალაქეებში განსაკუთრებულად ემოციური რეაქცია მოჰყვა.

სოციალურ ქსელში არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ განიცდიდნენ მოქალაქეები ამ გადაწყვეტილებას – ზოგიერთმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, დემონსტრანტების ნაწილი კი მათ წინ მობილიზებულ პოლიციას საყვირებითა და შეძახილებით მიმართავდა.

საზოგადოებამ განსაკუთრებულად დაიმახსოვრა ერთ-ერთი ემოციური კადრი, სადაც ჩანს, ცრემლიანი მოზარდი გოგო, რომელსაც მის გვერდით მდგომ ქალზე ხელი აქვს ჩაკიდებული.

როგორც აღმოჩნდა, პროფესიით მხატვარი ქალბატონი – ირა ლავრინენკო, მოზარდს საერთოდ არ იცნობდა, მათი შეხვედრა და ემოციების გაზიარება, სწორედ ამ აქციაზე შედგა.

ირა ლავრინენკო „პალიტრამედიასთან“ ინტერვიუში იხსენებს იმ ემოციებს, რომელიც 28 მაისის საღამოს, „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემდეგ დაეუფლა:

„ძალიან ბევრი ხალხი ვიდექით, თითქოს ყველანი რაღაცა განაჩენის მოლოდინში… ტელევიზორთან რომ ზიხარ, ეს ემოციები არ გაქვს, იმ ადამიანებთან ერთად თითქოს თავზე დაგვაწვა რაღაცა ბნელი ღრუბელი და ბოლომდე გვჯეროდა, რომ სადღაც, რაღაც სხივი გამოაღწევს ამ სიბნელეში.

როდესაც მივხვდით, რომ უკვე ყველაფერი დამთავრდა, რაღაც ისეთი მქონდა… ჩემდა უნებურად ტირილი დავიწყე, არ ვარ მტირალა ადამიანი, მაგრამ ეტყობა ეს ბოლო თვეები ყველას ისეთი სტრესი გვაქვს, რომ ტირილი წამსკდა. მერე წამოვიდა განრისხება ამ მოვლენის მიმართ და პირდაპირ ამ შავ სპეცრაზმელებთან წავედით.

მოკლედ, ყველა ერთად დავიძარით, სხვათა შორის, სულ ქალები და წინ გადავუდექით ამ რაღაც შავ მასას. პლასტმასის კაცები, აბსოლუტურად უმეტყველო თვალებით იდგნენ, ველაპარაკებოდით, არც მახსოვს რეებს ვეუბნებოდით, ვტიროდი… უცბად ეს პატარა გოგო, არ ვიცი საიდან, ეტყობა ჩვენ გვერდზე იდგა, მოვიდა, გადამეხვია და ასე, ერთად ვტიროდით ამ კაცების წინ.

არ ვიცი საიდან მოხდა ამ სურათის გადაღება, იმდენად ემოციური იყო, ვერ ვხედავდით, გარშემო რა იყო. ასე ვიდექით 2 წუთი, ისიც ტიროდა, მეც ვტიროდი… მერე ამ ბავშვის დამშვიდება დავიწყე: მეთქი არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება.

მე ვარ მხატვარი, ძალიან ბევრი წელია ვიბრძვი იმისთვის, რისთვისაც დღეს ვიბრძვი, დაწყებული საბჭოთა კავშირის დროიდან. მაშინ აკადემიაში ვსწავლობდი, იქიდან ვიპარებოდით და აქციებზე დავდიოდით, ამიტომაც ეტყობა უფრო განვიცდი, რომ მთელი ეს ჩვენი წლები წყალში გვეყრება, ფაქტობივად ჩაგვეყარა. ნუ, რაღაც მცირე მონაპოვარი ჩვენიც იყო ამ მთელ ისტორიაში, რაც დღეს ამ ქვეყანას პერსპექტივა აქვს.

რაც შეეხება აქციებს, სულ დავდივარ, ახლოს ვცხოვრობ და ჩემთვის პრობლემა არ არის, უბანში თანამოაზრეების ჯგუფი ჩამოვყალიბდით და ერთად დავდივართ. მე მაგალითად 3 შვილიშვილი და 2 შვილი მყავს, კარგიც მინახავს ამ ცხოვრებაში და ცუდიც, მაგრამ ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, რა თქმა უნდა, უკეთესი მინდა და ამისთვის ვიბრძვი, მათთან ერთად, მათ გვერდზე.

სადღაც გულის კუნჭულში მქონდა პატარა იმედი, რომ იქნებ რამდენიმემ მაინც გმირობა [გამოიჩინოს], ამ მთავრობის პირობებში ნორმალური საქციელი გმირობის ტოლფასი გახდა, რომ შენ ამ ჯოგის საწინააღმდეგოდ წახვიდე.“ – ამბობს ირა ლავრინენკო.

გამოყენებულია რადიო „თავისუფლებისა“ და გოგა ჩანადირის ფოტოები

magti 5g