„რაც უფრო ბევრს ვიხილავთ ასეთ ლუსტრირებულ საჯარო სხდომებს მით უფრო მარტივი იქნება 26 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება ქართველი ხალხისთვის“ – ასე გამოეხმაურა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ს კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენას.
დეპუტატი გადაცემაში „დღის თემა“ ამბობს, რომ ამ სხდომით ცხადი გახდა ის რაზეც „ხალხის ძალა“ საუბრობდა და კითხვის ნიშნებიც აღარ არსებობს.
„გლობალური და ლოკალური ომის პარტია, რომლებზეც გვეკითხებოდნენ აბა სად არისო, ჩვენ ვნახეთ ერთობლივად ამ ფორმატში. პირდაპირ და დაუფარავად ამბობენ იმას, რომ საქართველო უნდა იყოს უკრაინიზაციის პროცესში და მხოლოდ მაშინ იქნება დემოკრატიის გზაზე. ეს პირდაპირ თქვა ერთ-ერთმა კონგრესმენმა. თუ საქართველო ამ გზას არ დაადგება პირდაპირი მუქარა იყო, რომ რევოლუციის გზით ისინი შეეცდებიან შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ ის ხელისუფლება, ანუ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც ომს დაიწყებს“ – განაცხადა მაჭარაშვილმა. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გადაცემაში “დღის თემა” დაანონსებულ სანქციებზეც ისაუბრა.
„თუ ერთის მხრივ რუსეთი იარაღით მემუქრება და ოკუპაციის პირობებში ვარ და მეორეს მხრივ პარტნიორი ქვეყანა წესით რომ უნდა დამეხმაროს დეოკუპაციის პროცესში და კი არ მეხმარება სანქციებით მემუქრება და ყველა პარტნიორული ურთიერთობის ზღვარს გადადის, რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის იქნება მიუღებელი. რაც შეეხება თეორიულ შანსებს, ე. წ ინდივიდუალურ სანქციებზე, რით ვერ მიხვდნენ, რომ თუ დადგება ასეთი არჩევანი რა თქმა უნდა მე ავირჩევ ეროვნული დროშით საქართველოში სიარულს, ვიდრე ლგბტ დროშით ამერიკაში“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. კონგრესში ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ.
„ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს“ – კონგრესმენი სტივ კოენი