LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტში დიდ ცვლილებებს არ ელოდებიან: დასავლეთი უკრაინას ნებას აძლევს რუსეთს შეუტიოს

602
428661865-scaled-1280x720-c-center

ევროპა ამჟამად ევროპარლამენტის არჩევნებითაა დაკავებული. მოსალოდნელია, რომ მანდატების უმრავლესობას შეინარჩუნებს „ევროპის სახალხო პარტია“, თუმცა ასპარეზზე სულ უფრო მეტად გამოდიან ულტრამემარჯვენეები.

პარალელურად, დასავლეთი და მათ შორის აშშ, უკრაინას ნებას რთავენ მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს, რაც რუსეთის აღშფოთებას და მორიგ მუქარას იწვევს.

საინტერესოა, რომ ჩინეთს სურს რუსული გაზი შეისყიდოს რუსეთის შიდა ბაზრის ფასად, ანუ საუბარია დაბალ ფასებზე, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ისედაც წაგებაში მყოფი „გაზპრომის“ მდგომარეობას. მოკლედ, პოლიტიკური მხარდაჭერის მიუხედავად, ჩინეთი სტრატეგიულ პროექტებში არ არის რუსეთის მხარეს.

ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ გადაცემის წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.

„ევროპაში ევროპარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც 9 ივნისს დასრულდება. არჩევნების პროცესი აქტიურად მიდის და მოსალოდნელია, რომ დიდად სურათი არ შეიცვლება, თუმცა ცალკეულ ძალებს ექნებათ უპირატესობები. ქვეყნების მიხედვით თუ დავაკვირდებით, საფრანგეთში იქნება სიურპრიზი: ელოდებიან ულტრამემარჯვენე ძალების წარმატებას. ემანუელ მაკრონის პარტიას მოუგებს ახალი პოლიტიკური ფიგურა ჟორდან ბარდელა, რომელიც 28 წლისაა და ცნობილი ულტრამემარჯვენე ქალბატონის მარინ ლე პენის ფავორიტია.

ასეთი ვითარება არა მხოლოდ საფრანგეთშია. იტალიაშიც პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის პარტია „იტალიელი ძმების“ შანსები გაცილებით მაღალია. ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალები ძლიერდებიან მატეო სალვინის დასუსტებისა და რეიტინგის ვარდნის ხარჯზე.

გერმანიაში საფრთხე და შიში იყო, რომ ულტრამემარჯვენე ძალა AFD („ალტერნატივა გერმანიისთვის“) მზარდი რეიტინგის მიხედვით, სერიოზულ განაცხადს გააკეთებდა, თუმცა AFD-ის ლიდერის ნაცისტურმა განცხადებებმა საერთოდ მოკვეთა საარჩევნო პროცესს, მანამდე კი სკანდალში გაეხვა. ის ეჭვმიტანილია ჩინეთისა დ რუსეთის სასარგებლო საქმიანობაში. ამაზე გამოძიება წარიმართება. ასე თუ ისე, მას მანდატები შეუმცირდება და ძირითადი დაპირისპირება მმართველ კოალიციასა და „ქრისტიან-დემოკრატებს“ შორის იქნება.

მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ქვეყანაა – უნგრეთი. თითქოს ვიკტორ ორბანს ჰქონდა პოზიტიური სვლა და მყარად იყო საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ გამოჩნდა ახალგაზრდა პოლიტიკოსი პეტერ მადიარი, რომელიც ორბანის მთავრობის წევრი იყო და კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული ვითარების გამო წამოვიდა. სავარაუდოდ, ორბანი მიიღებს 23-დან 10 მანდატს და პირველად მოხდება, რომ არ ექნება საკმარისი მანდატები.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპარლამენტს, „ევროპის სახალხო პარტია“ მიიღებს ყველაზე მეტ მანდატს, 720-დან დაახლოებით მეოთხედს – 180-ს. შემდეგ იქნება „სოციალ-დემოკრატების“ მემარცხენე ძალების გაერთიანება და მერე უკვე მოდიან კონსერვატიული ფრთის პარტიები.

დიდი ციებ-ცხელებაა ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით. თუ ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს სუპერმარიოდ წოდებულ, იტალიის პრემიერის მარიო დრაგის კანდიდატურას, ახლა გაჩნდა ცნობები, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საკუთარ ძალისხმევას არ იშურებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით არ გახდეს პრეზიდენტი. მათ აქვთ გარკვეული პერსონალური უთანხმოება, მაგრამ მაინც ძლიერ და სერიოზულ კანდიდატად სწორედ ფონ დერ ლაიენი განიხილება.

ყურადღების ცენტრში ბუნებრივია რჩება უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა, სამოქალაქო ობიექტები, ასევე რუსეთის სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა გახდა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ დროულად გაუწიოს უკრაინას დახმარება, რათა ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა არ ჩამოიშალოს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ ხარკივის მიმართულებით პასუხი გასცა და უკუაგდო კიდეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება გამოსწორდა. ტაქტიკური უპირატესობა ახლა რუსეთს აქვს, თუმცა თუ უკრაინა დროულად მიიღებს იმ დახმარებას, რომელიც უკვე გადაწყვეტილია და წესით გაგზავნილიც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, შეძლებს გაიუმჯობესოს მდგომარეობა.

პირველი და უმთავრესი არის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, მაგრამ ახლა, ზაფხულში ყველაზე აქტუალური ხდება F-16-ის (მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავი) გადაცემის საკითხი. პილოტები მომზადებული არიან, ინფრასტრუქტურა უკრიანის ტერიტორიაზე მომზადებულია, დამხმარე ჯგუფები გაწვრთნილია… საუბარია 100 თვითმფრინავზე, მაგრამ აქტიური მონაწილეობას მიიღებს 60, დანარჩენი 40 მოიაზრება, რომ სათადარიგო ნაწილებისთვის გამოიყენება.

ამაზე რუსეთის ხელმძღვანელ პირებს აქვთ მწვავე რეაქცია. აღსანიშნავია, რომ აშშ არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინამ გადაცემული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს სამხედრო ობიექტების დასაბომბად.
არ არის გამორიცხული, უკრაინამ ეს შეიარაღება რუსეთის მხრიდან შეტევაში მონაწილე თვითმფრინავების გასანადგურებლად გამოიყენოს. რუსეთის პროპაგანდისტები იმუქრებიან და ისევ ისმის ბირთვული შანტაჟი.

ასევე არ ჩამოდის პირველი გვერდებიდან ინსტრუქტორების გაგზავნის საკითხი. ამის ინიციატორი ემანუელ მაკრონია. ბალტიის ქვეყნები მზად არიან გაგზავნონ, მეზობელი პოლონელები ერთ-ერთი პირველები იქნებიან. ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში, განთავსდებიან მოშორებით ფრონტის ხაზიდან. მიუხედავად ამისა, სერგეი ლავრომა განაცხადა, თუ ფრანგი ინსტრუქტორები გამოჩნდებიან უკრაინაში, მაშინ ისინი ლეგიტიმური სამიზნეები იქნებიანო.
რიტორიკის დონეზე სერიოზულად წევს ტემპერატურა.

ფოტო: ecfr
politico
airforce-technology

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g