გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში, კომპანიის „ქართული დაფნა“ გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაფნის გაშენებაზე მოთხოვნა მზარდია, რადგან გაზრდილია მოთხოვნა ექსპორტის მიმართულებით:
„მიმდინარე წელს, 5 თვის განმავლობაში, უკვე განხორციელებულია 20 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც რეკორდული მაჩვენებელია; ექსპორტის დიდი წილი ჩინეთის ბაზარზე მოდის. მთლიანობაში, წელს ველოდებით კარგ მოსავალს, ფაქტობრივად, ყველა ძირითად კულტურაში, რასაც ვაწარმოებთ. ვფიქრობ, წარმატებული წელი გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ფერმერების გვერდით ვართ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც იმერეთის მხარის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბევრ წარმატებულ საწარმოსა და მეურნეობას შეუწყო ხელი სახელმწიფო პროგრამებმა დაფინანსების კუთხით.
„კომპანიას „ქართული დაფნა“ სოფლის განვითარების სააგენტოს გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს გრანტი 570,000 ლარის ოდენობით. საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული. სეზონურად დაახლოებით 200 ტონა მშრალი დაფნა მზადდება. კომპანია პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მასშტაბით, დაფნის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 6 მლნ ლარს აღემატება, სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 269 საწარმოს შექმნა“, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.