LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვობაში წარმომედგინა როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები ევრო ასპარეზზე“ – გიორგი გველესიანი

278
gvelesiani

„ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი ემოციები. სრულიად შოკშია მთელი ქვეყანა იმიტომ, რომ ალბათ ჩვენ შეუძლებელი შევძელით“, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა განაცხადა, რომელმაც იმედის ეთერში მის საფეხბურთო კარიერაზე, ასევე ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა.

„ამას არავინ მოელოდა. მე პირადად ჩემს ღრმა ოცნებებშიც ვერ ვიოცნებებდი. რა თქმა უნდა, ბავშვობაში წარმომედგინა როგორ თამაშობდა საქართველოს ნაკრები ევრო ასპარეზზე. წარმოდგენებში შეიძლება გამეთამაშებინა ფინალური ეტაპიც, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო. არასდროს დამიყრია ფარ-ხმალი და ვაგრძელებდი მუდმივად ჩემი მიზნებისთვის და ჩემი ოცნებებისთვის ბრძოლას.

ჩემმა ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ მომიწია გადახვეწა ირანში – სრულიად სხვა ქვეყანაში, საიდანაც გაცილებით უფრო გართულდა ჩემი ოცნებებისთვის ბრძოლა, თუმცა ირანშიც გავიარე შვიდწლიანი ძალიან რთული გზა. განვითარების რაღაც ეტაპზე გავედი და იქაც ისეთ გუნდში ვთამაშობ და ისეთი შედეგები მაქვს, რომ ორჯერ გავხდი ირანის ჩემპიონი, ირანის თასის მფლობელი, სუპერ თასის მფლობელი, წლის საუკეთესო მცველი. აი ამ შედეგებმა, კარგი გაგებით აიძულა მწვრთნელი [სანიოლი] ჩემთვის ყურადღება მოექცია.

ვილი არის შესანიშნავი ადამიანი. მასზე არანაირი გავლენა არ აქვს სხვა ძალებს. ის არის სრულიად ობიექტური. არის ძალიან დიდი ფსიქოლოგი, სპორტული გაგებით. ვილიმ მომცა ეს [ნაკრებში თამაშის] შანსი, დამაკვირდა და უკვე ფინალურ ეტაპზე, ვგულისხმობ ევროპის ჩემპიონატამდე, მონტენეგროსთან თამაშზე, მან მატჩის წინ თქვა, რომ მე ვიცი რომ გიორგი ამ შანს გამოიყენებო. შესაბამისად, მეც აღარ მაქვს დასაკარგი დრო და მაქსიმალურად მინდა, რომ ჩემი ყველა შანსი რაც ჩემს კარიერაში დარჩა და არსებობს, მაქსიმალურად გამოვიყენო“, – განაცხადა გიორგი გველესიანმა.

ფეხბურთელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივარს.

„უფრო გემრიელად გამოგვდის ქომაგობა“, – აცხადებს გველესიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g