„ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდება“ – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg და TIME საკითხის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. შეხვედრა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ვიზიტიდან კვირაზე ნაკლებ დროში ხდება.
მედია წერს, რომ კომენტარი საკითხზე დაუყოვნებლივ არც ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებმა და არც უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერებმა არ გააკეთეს.
სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 11 ივლისს ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვევა.
წყაროს ცნობით, ფლორიდაში უნგრეთის პრემიერის ვიზიტი არაფორმალური შეხვედრის ხასიათს ატარებს.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი გასულ კვირას მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.