რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს – ის ამ თანამდებობას მომდევნო 2.5 წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაიკავებს.
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე, ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით აირჩია.
კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა დეპუტატმა მიიღო. მეცოლას კონკურენტს, ირენ მონტეროს კი, მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მეცოლას არჩევა მიულოცეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ევროკომისიას ასევე მეორე ვადით უხელმძღვანელებს; ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელსაც მიმდინარე წლის ნოემბერში ანტონიო კოშტა შეცვლის; ასევე, საერთაშორისო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.
მეცოლას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც და X-ზე დაწერა:
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ევროპული მომავლის მიმართ ქართველი ხალხისა და მათი მტკიცე არჩევანის ერთგულებისა და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის და ველით შემდგომ თანამშრომლობას”.
ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლას ხელახლა არჩევას ულოცავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. იგი ყურადღებას თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ამახვილებს.
„რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!“. – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე.