საფრანგეთის დედაქალაქში 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნება, პარიზში გამგზავრებამდე კი ქართველმა ოლიმპიელებმა ოლიმპიური ფიცი დადეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, რომლებმაც სპორტსმენებს წარმატება და გამარჯვება უსურვეს.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ოფიციალურად 28 ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა. ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
FashionHolics Online ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ ქართველი ოლიმპიელების უნიფორმების შექმნაზე წელს დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა იზრუნა.
ცნობისთვის, დიზაინერი წლებია, რაც პირადი კოლექციების პარალელურად თეატრალურ, კინო და საოპერო სცენისთვის ძალიან საინტერესო კოსტიუმებს ქმნის.
2019 წელს hammockmagazine – ისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმონ მაჩაბელი ამბობს:
„თეატრში და კინოში ბევრ რამეზე ვარ დამოკიდებული, რაც, ცხადია, არ არის მხოლოდ ჩემი სურვილი. მეორე მხრივ, როცა პირად კოლექციას აკეთებ, ეგეც არ არის ცოცხალი, რეალურად ისიც ვიღაცისთვის უნდა გააკეთო. ისე გამოვიდა, რომ, რადგან თეატრში მაინც შეზღუდული ვარ და ის მაინც დამოკიდებულია სხვა ადამიანების იდეებზეც, მოდა დარჩა რაღაცნაირად პირადად ჩემი იდეების ან აზრების გამომხატველად, ამიტომაც ჩემი მოდა უფრო ისეთ ხელოვნებას, არტ ობიექტს ან ისტორიას ემსგავსება, რომლის ჩაცმაც შეგიძლია“.
როგორ შეიქმნა ქართველი ოლიმპიელების სამოსი – „ფორტუნა“ ცდილობს დიზაინერთან დაკავშირებას.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონები მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნები ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები 250 ათას ლარს მიიღებენ.