„ჩემი ამბავი – მუსიკა და საუბარი“ – ამ სახელწოდებით გაიმართა 21 ივლისს, ფოლკლორის ცენტრში მომღერალ ნუცა ბუზალაძის შეხვედრა გულშემატკივრებთან.
მომღერალმა განვლილ გზაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა. გარდა ამისა, ნუცამ საღამოს განმავლობაში შეასრულა ის სიმღერები, რომლებმაც მის კარიერაში განსაკუთრებული როლი ითამაშა.
ვიდეო: „საქართველო, მიყვარხარ”- ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შესრულება ევროვიზიაზე
მათ შორის იყო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა „Firefighter“, რომელიც ნუცამ მის პატარა გულშემატკივართან ერთად იმღერა.
ამასთან, მომღერალმა 2024 წლის კონკურსის ფინალურ შოუში მიღებულ შედეგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მეტს იმსახურებდა.
„ევროვიზიაზე ფინალში რომ გავედი, ძალიან გამიხარდა, ჭკუაზე არ ვიყავი, მაგრამ როდესაც უკვე 21-ე ადგილას გავედი, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ძალიან დიდი ტრავმა იყო, ძალიან მეწყინა, ვთვლი, რომ არ ვიმსახურებდი, რადგან ძალიან ბევრი ვიშრომეთ და ყველანაირი რესურსი ჩავდეთ…
ხდება ხოლმე, რომ ბევრს შრომობ და გგონია, რომ სასწაულ შედეგს დადებ, მაგრამ ხანდახან არ გამოდის, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი მომღერალი ხარ“, – თქვა ნუცამ და დასძინა, რომ ევროვიზიის კონკურსისთვის შექმნილმა სიმღერამ საშუალება მისცა როგორც ვოკალური, ისე ქორეოგრაფიული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოეჩინა.
ცნობისთვის, ევროვიზიის 2024 წლის კონკურსის ფინალურ შოუში ნუცა ბუზალაძემ 21-ე ადგილი დაიკავა.
კონკურსის გამარჯვებული გახდა შვეიცარიის წარმომადგენელი. ფინალურ შოუში საქართველოსთვის ყველაზე უარესი შედეგი ამ დრომდე 2016 წელს იყო დაფიქსირებული – მე-20 ადგილი.