30 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, ლონდონის ,,ჰაიდ პარკში”, ყოველწლიური კონცერტების სერია – British Summer Time Hyde Park გაიმართა. ცხრადღიანი ღონისძიებების განმავლობაში, მსმენელის წინაშე უამრავი არტისტი და ბენდი, მათ შორის ანდრეა ბოჩელი, რობი უილიამსი და შანია ტვეინი წარდგნენ.
ხალხმრავალი და ვარსკვლავური აღმოჩნდა ლეგენდარული მუსიკოსის, 76 წლის სტივი ნიქსის პერფორმანსი. მასშტაბურ შოუში ამერიკელ მუსიკოსთან ერთად სცენაზე, ჰარი სტაილზი გამოვიდა.
ამერიკელი მომღერლის საღამოზე დამსწრეებს შორის ისეთი ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ, როგორებიც მოდელი, კარა დელევინი და მსახიობები, ანია ტეილორ-ჯოი, პედრო პასკალი და დაკოტა ჯონსონი არიან. საზოგადოების მახვილ თვალს ამ ოთხეულს შორის პასკალისა და Coldplay-ის ვოკალისტის, კრის მარტინის საცოლის, დაკოტა ჯონსონის აშკარა ფლირტი არ გამოჰპარვია. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც ქსელში გავრცელდა პასკალს ჯონსონზე ხელი აქვს გადახვეული. სხვა სურათები ცხადყოფს, რომ ისინი ერთმანეთის გარემოცვაში კარგად ერთობიან.
საგულისხმოა, რომ ტაბლოიდების ცნობით, 47 წლის მარტინისა და 34 წლის ჯონსონის ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია და ისინი შესაძლოა დაქორწინდნენ კიდეც. ამ ეტაპზე უცნობია, რა რეაქცია ჰქონდა გავრცელებულ კადრებზე მარტინს.
შეგახსენებთ, რომ მალე ეკრანებზე დაკოტა ჯონსონისა და პედრო პასკალის მონაწილეობით რომკომი – Materialists გამოვა.
ვიდეო: კრის ევანსი, დაკოტა ჯონსონი და პედრო პასკალი ახალ რომკომში