LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი თავისი კოსმეტიკური ბრენდის დიდ წარმატებაზე, მეუღლესა და ვაჟზე: „ძალიან მინდა, რომ მეორე შვილი მყავდეს…“

1015
ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი ახლახან აშშ-დან საქართველოში ჩამოვიდა. მას სატელევიზიო გადაცემის გადაღებაზე შევხვდით „რუსთავი 2“-ში და ვესაუბრეთ მისი ბრენდის დიდი წარმატების, ასევე საოჯახო საქმიანობისა და მეუღლის შესახებ.

ნუკი, შენი ბრენდის წარმატებების შესახებ მოგვიყევი…

როცა აშშ-ში მივდიოდი, ვფიქრობდი, ახლა ავდგები და ჰოლივუდის ვარსკვლავი გავხდები-მეთქი. საერთოდ ხომ არაფერი გამომივიდა ამ სფეროში, მაგრამ 10 წლის წინ რას წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი მექნებოდა. დეკორატიული კოსმეტიკის პირველი ქართული ბრენდი კი არ გავაკეთე მხოლოდ, არამედ მივიღე „ოსკარები“ კოსმეტიკის სფეროში. ჩემს ბრენდს აქვს მოპოვებული FDA-ს ნებართვა, მაქვს პროფ-65, ეს არის ლიცენზია, რომელიც ძალიან მკაცრი რეგულირების ქვეყნებში მოქმედებს, ზოგიერთ უცხოურ პოპულარულ ბრენდს არ აქვს ეს ლიცენცია, მეუხერხულება კიდეც მათი ჩამოთვლა და ჩვენ გვაქვს. ოფიციალურად იყიდება ჩვენი ბრენდი აშშ-ში, ასევე ევროპაშიც. ახლახან დავამატეთ მოვლის ხაზი, რაც ყველაზე რთული იყო.

„ნუკი კოსმეტიკსის“ ქარხანა არ არსებობს, ტუჩსაცხები მზადდება იტალიაში, სახის მოვლის ხაზი – კორეაში. ერთხელ გამომყვა ჩემი მეგობარი ნიუ იორკში, დილას რომ ვდგები რვაზე, საღამოს რვამდე ვმუშაობ სრული დატვირთვით, შუალედში გამომყავს ბავშვი. მყავს ძალიან ბევრი თანამშრომელი. საქართველოში უკვე ცხრა ფილიალი გვყავს, გვყავს 12 ქიმიკოსი ტექნოლოგი, ასევე გუნდი, რომელიც გვეხმარება კანის მოვლის ხაზის შექმნაში. არსებობს ბევრნაირი ტესტი, რომელსაც გადის პროდუქცია. იმდენი რამ ვისწავლე, რომ ვერ წარმოიდგენ. ძალიან ვამაყობ ამით. ვიღაცას რომ ალერგია მისცეს, აუცილებლად გიჩივლებს, მე რომ უკან მიდგას FDA, რომელმაც მომცა ლიცენზია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, პროდუქციას დავაწერე, კურნავს-მეთქი, რადგან სიტყვა დიზაინში ძალიან მომეწონა და 9 თვით დამბლოკეს. მომწერეს, რომ შემეძლო დამწერა სიტყვა პრევენცია. ათი სხვადასხვა ინსტანცია ამოწმებს, რაც აწერია პროდუქციას, იმას ზუსტად პასუხობდეს.

შენთვის ეს საქმე ფინანსურად რამდენად მომგებიანია?

ჯერჯერობით ფინანსები კი არ მოაქვს, მიაქვს. საქართველოში ქართველებისთვის მინდოდა, ხელმისაწვდომი ბრენდი ყოფილიყო. ახლა, აშშ-ში მსურს, რომ ფინანსური სარგებელი მივიღო. ჩვენი სახის მოვლის ხაზი აშშ-ში უკვე გაიყიდა დერმატოლოგიურ სალონებში. საქართველოში მსურს, დაბალი ფასები შევინარჩუნო. ჩემი გამომწერები ხედავენ, რომ ვიცვამ ქართულს და მეამაყება ყველაფერი ქართული. ვფიქრობ, სხვასაც ეამაყება, რომ ხარისხიანი ტუჩსაცხი აქვს და როცა გეკითხებიან, რა გისვია, პასუხობ, „ტომ ფორდი“ კი არა, „ნუკი კოსმეტიკსი“ მისვიაო.

სულ ვამბობ, არასდროს არაფერი უნდა თქვა, რადგან არ იცი, რას გიმზადებს მომავალი. გაგანია პანდემიის დროს შევიცვალე პროფილი, არც ვიზაჟისტი ვარ და არც კოსმეტოლოგი, ნერვები მეშლებოდა, რომ კარგ ტუჩსაცხს ვერ ვპოულობდი…

ამერიკაში კასტინგებზე აღარ დადიხარ?

დროც არ მაქვს და ცოტა შემოვბერდი კიდეც. შეიძლება, რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ გადავწყვიტო. თან, ბავშვი მყავს, მეორე გადავწყვიტე, თუმცა მუცელი მომეშალა. კიდევ მინდა მეორე შვილი. ძალიან მინდა…

მიუხედავად იმისა, რომ წერდი, დედობა ძალიან დიდ სირთულეებს უკავშირდებაო?

კი, მაგრამ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. დიასახლისობაც ძალიან მომწონს. იცი, როგორი შრომატევადია? ათი გადაცემა წამიყვანია, თან სხვა საქმეებიც მიკეთებია და ისე არ დავღლილვარ, როგორც დიასახლისობისას.

მეუღლე შენით ამაყობს?

ძალიან. იყენებს ჩემს კოსმეტიკას. მწერს, რომ ნაოჭები ცოტა შეუმცირდა. ვერ შეუმცირდებოდა ერთ კვირაში, მაგრამ მოეწონა.

როგორ ფიქრობ, ქართველი მეუღლე ასე გაგიგებდა?

ბენი არის ჩვეულებრივი ქართველი მეუღლე. იცი, როგორი ქართველია? მეკვლე ვინ იქნება ახალ წელს, ამაზე დარდობს სამი თვით ადრე. მარილი რომ გვეყრება, შეყრილი ჰყავს მთელი სამყარო, ვიღაც იჩხუბებსო. ყველა ჩვენი ტრადიცია და ცრურწმენა იცის. ცოტა ხნის წინ სიცხე ჰქონდა, გავედი სადღაც, რომ დავბრუნდი, ძმრის მძიმე სუნი იდგა. მივხვდი, რომ ძმრიანი წინდები ჩაიცვა. ცოტა ხანში, ალბათ, ჩემს გვარზეც გადმოვა (იცინის).

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები